ევრო 2020 | უეფა-მ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას ჯარიმის გადახდა დააკისრა #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატის ნახევრფინალში ინგლისი-დანიის მატჩის დროს რამდენიმე ინციდენტი მოხდა, რომელიც უეფა-მ გამოიძია.
ინგლისის ნაკრების სასარგებლოდ დანიშნული პენალტის შესრულებამდე დანიის ნაკრების მეკარეს, კასპერ შმეიხელს სახეზე ფანებმა ლაზერი მიანათეს. შეგახსენებთ, რომ დანიელთა მეკარემ სადავო პენალტი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ჰარი კეინმა ბურთი მაინც შეაგდო.
ინგლისი-დანიის მატჩში მოხდა მეორე შემთხვევაც. დანიის ეროვნული ჰიმნის შესრულებისას, ხმის გადასაფარად ინგლისელმა გულშემატკივრებმა ფოიერვერკი გაუშვეს და ეს ფაქტიც უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტმა შეისწავლა.
უეფა-ს გადაწყვეტილებით, აღნიშნული ინციდენტების გამო, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას 30 ათასი ევროს ოდენობით ჯარიმა დაეკისრა, – იუწყება Sky Sports.
ევრო 2020-ის ფინალი იტალიისა და ინგლისის ნაკრებებს შორის ხვალ, 11 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.