ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, ბახმუტისთვის ბრძოლაში 10 000 ყოფილი პატიმარი დაიღუპა
კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, უკრაინის ქალაქ ბახმუტისთვის ბრძოლაში 10 000 ყოფილი პატიმარი დაიღუპა. ამის შესახებ პრიგოჟინმა რუს სამხედრო ბლოგერთან ინტერვიუში განაცხადა.
პრიგოჟინის თქმით, „ვაგნერში“ აყვანილი იყო 50 000 პატიმარი, საიდანაც დაახლოებით 20 პროცენტი დაიღუპა. მისი თქმით, დანაკარგის ანალოგიური წილია დაქირავებული მებრძოლების სხვა კატეგორიაშიც.
შეგახსენებთ, გასული კვირის ბოლოს ევგენი პრიგოჟინმა ბახმუტის სრულად აღების შესახებ განაცხადა. ოფიციალური კიევი რუსეთის ძალების მიერ ბახმუტის დაკავებას არ ადასტურებს. უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ ბახმუტი კვლავ საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად რჩება.
ინტერვიუში პრიგოჟინმა ასევე განაცხადა, რომ პირველი ივნისიდან „ვაგნერის“ მებრძოლები ბახმუტის პოზიციებს რუსეთის რეგულარულ არმიას გადასცემენ და ბახმუტს დატოვებენ. ევგენი პრიგოჟინის თქმით, უკრაინის დემილიტარიზაციის ნაცვლად, რუსეთს უკრაინის მილიტარიზაცია გამოუვიდა.