ევერ ადრიანო დემალდე გორის „დილას“ ტოვებს - გუნდს კვლავ უცხოელი გაწვრთნის #1TVSPORT
დიდი ალბათობით, ევერ ადრიანო დემალდე გორის „დილას“ მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს, რადგან კლუბს კონტრაქტზე ვერ შეუთანხმდა. „დილას“, სავარაუდოდ, კვლავ უცხოელი სპეციალისტი გაწვრთნის – ეს ინფორმაცია საქართველოს პირველი არხისთვის გახდა ცნობილი.
ევერ დემალდემ გორის „დილა“ ოქტომბერში ჩაიბარა და მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბათუმის „დინამოში“ წასული ანდრეი დემჩენკო შეცვალა. მოლაპარაკება კულტურული და საქმიანი თანამშრომლობის საერთაშორისო ასოციაციის, „არგენტინის სახლი საქართველოში“ დამფუძნებლისა და არგენტინის სამენეჯერო სააგენტოს, BSC-ის წარმომადგენლის, ნიკოლოზ პატარქალიშვილის ინიციატივით დაიწყო და წარმატებით დასრულდა. მაგრამ ახლა დემალდე „დილას“ ახალი კონტრაქტის პირობებზე ვერ შეუთანხმდა.
36 წლის ევერ ადრიანო დემალდემ სამწვრთნელო კარიერა მარსელო ბიელსას ასისტენტად (2014-2015) მარსელის „ოლიმპიკში“ დაიწყო. 2015-2017 წლებში საუდის არაბეთის ნაკრებში ნიდერლანდელ ბერტ ვან მარვეიკს ეხმარებოდა. ასევე უმუშავია არგენტინულ „გოდოი კრუზსა“ და „არგენტინოს ხუნიორსში“, არაბთა გაერთიანებული საამიროების „ალ ჰილალში“, არგენტინულ „ხიმნასია ტიროში“ და „ინდეპენდიენტე რივადავიაში“.