ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს ოთხმა ქართველმა იასპარეზა, რომელთაგან ორი ფინალურ ბლოკში გადავიდა. 57კგ-ში ახალგაზრდა ეთერ ლიპარტელიანი კონტინენტის პირველობაზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მან ჩეხი ვერა ზემანოვა სუფთა გდებით დაამარცხა და ტურნირზე საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა.
ეს ეთერ ლიპარტელიანის კარიერაში უფროსი ასაკის ოფიციალურ შეჯიბრებებში (ოლიმპიური თამაშები, მსოფლიოს ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი) მოპოვებული პირველი მედალია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების ქალ ძიუდოისტთა შორის, ეთერ ლიპარტელიანი გახდა პირველი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე მედალი მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონატზე დღეს, ცოტა ხნით ადრე, (2019 წლის) მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი (60კგ) ბრინჯაოს მედლისთვის ფრანგ სედრიკ რევოლს შეხვდა. ქართველი ამ დაპირისპირებაში, როგორც ტურნირზე ჩატარებულ დანარჩენ შეხვედრებში, ძალიან ცუდად გამოიყურებოდა და იგი ფრანგ მეტოქესთან დამატებით დროში დამარცხდა.
პირველ საშეჯიბრო დღეს გამომსვლელი დანარჩენი ორი ქართველი – ჯაბა პაპინაშვილი (60კგ) და ვაჟა მარგველაშვილი (66კგ) ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი ექსკლუზიურად შემოგთავაზებთ. ტურნირის პირდაპირი ტრანსლაციები როგორც დღეს, ასევე 30 აპრილსა და პირველ მაისს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.