ესტონეთის ნაკრების მწვრთნელი - დანაკლისის მიუხედავად, საქართველოსთან მოსაგებად ვიბრძოლებთ
ესტონეთის ნაკრების მწვრთნელი - დანაკლისის მიუხედავად, საქართველოსთან მოსაგებად ვიბრძოლებთ

5 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის C2 ჯგუფის სასტარტო მატჩში ტალინის „ლე კოკ არენაზე“ ესტონეთის ნაკრებს შეხვდება, რომელსაც ჩვენს გუნდზე ნაკლები საკადრო პრობლემები არ აწუხებს.

ჩრდილოელებს სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ დაეხმარებიან ერიკ სორგა, სიიმ ლუტსი, მარკო მეერიტცი და არტურ პიკი. ნაკრებმა შეკრებამდე დაკარგა „ნომე კალიეს“ ფეხბურთელები, რომლის შემადგენლობაში მოთამაშეებს ვირუსის დადებითი ტესტი დაუფიქსირდათ.

გარდა ამისა, უცხოეთიდან ჩამოსული მოთამაშეები ვალდებულნი არიან გაიარონ ტესტები და დარჩნენ იზოლირებულნი შედეგების გარკვევამდე. ამიტომ, პირველ ვარჯიშზე არ იყვნენ ნიკიტა ბარანოვი და იტალიური კლუბის „სპალის“ დებიუტანტი გეორგი ტუნიოვი. ცნობილი გახდა, რომ გუნდში არც გამოცდილი რაგნარ კლავანი იქნება.

ესტონეთის საფეხბურთო ნაკრებს ეროვნული ჩემპიონატის მატჩში მთავარი მეკარე მატვეი იგონენი დაუშავდა, რომელიც გამოცდილმა, 39 წლის არტურ კოტენკომ შეცვალა.

„დღევანდელ პირობებში უძლიერესი შემადგენლობა შევკრიბეთ. გასაგებია, რომ დაგვაკლდა ერიკ სორგა, რომელიც ამერიკიდან ვერ ჩამოვიდა, მაგრამ ოპტიმალური გუნდი გვყავს და მზად ვართ, საქართველოს წინააღმდეგ სამი ქულისთვის ვიბრძოლოთ“, – განაცხადა ესტონეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კაარელ ვოოლაიდმა.