ესტონეთის ლიგა | კუხიანიძე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს #1TVSPORT
„ნარვა ტრანსის“ თავდამსხმელი სერგო კუხიანიძე ესტონეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – რჩეულები ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაასახელა.
სერგო კუხიანიძემ პრემიუმ ლიგის მე-8 ტურში გათამაშების ერთ-ერთ ლიდერთან, „პაიდე ლინამესკონდისთან“ საშინაო დაპირისპირება შესანიშნავად ჩაატარა და გოლი გაიტანა. 25 წლის ქართველმა თავდამსხმელმა თავი 32-ე წუთზე გამოიჩინა – სტუმართა მცველს ბურთი მოჰპარა და „ნარვა“ დააწინაურა.
ამ შეხვედრაში „ნარვას“ უპირატესობის გაზრდა ზაქარია ბეგლარიშვილს შეეძლო, მაგრამ ქართველმა ნახევარმცველმა 77-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა. დამატებულ მე-6 წუთზე კი „პაიდემ“ ანგარიში გაათანაბრა.
კუხიანიძისთვის ეს პირველი აღიარება არ არის – პრემიუმ ლიგის მე-4 ტურში „ნიმ იუნაიტედის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში დუბლის ავტორი გახდა და სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ქართველმა თავდამსხმელმა 8 მატჩში 3 გოლი გაიტანა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.