ესტონეთი - საქართველო პირველ არხზე | ნაკრებმა ტალინში ივარჯიშა [ინტერვიუ/ვიდეო/ფოტო] 

ილიას ზუროსის გუნდი ტალინში გუშინ ჩავიდა და „საკუ არენაზე“ პირველი ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესს ესტონელი მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათი განსაკუთრებული ყურადღება გიორგი ცინცაძისკენ იყო მიმართული. საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი წლების განმავლობაში ესტონეთში თამაშობდა და მას ქვეყნის ჩემპიონობასთან ერთად ლიგის MVP-ის ტიტულიც აქვს მოგებული.

ესტონეთთან შეხვედრას თორნიკე შენგელია და მეტ ჯენინგი გამოტოვებენ, რომლებიც დღეს „ბასკონიასშემადგენლობაში ევროლიგის მატჩს გამართავენ. ჯენინგის არყოფნაში ლეგიონერის ადგილს თად მაკფადენი დაიკავებს, რომელიც ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში „ტენერიფე იბეროსტარის“ ღირსებას იცავს და შედეგიანობით ერთ-ერთი ლიდერია.

მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის L ჯგუფში საქართველო მეოთხე პოზიციაზეა, ესტონეთი კი ბოლო მეექვსე ადგილს იკავებს.

ესტონეთისა და საქართველოს ეროვნული გუნდების მატჩი ტალინში, „საკუ არენაზე“ დაიწყება, რომელიც 5500 გულშემატკივარს იტევს. მატჩი დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი განახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ ესტონეთთან მატჩის მეორე დღეს საქართველოს ნაკრები თბილისში დაბრუნდება, სადაც 3 დეკემბერს მსოფლიო ჩემპიონატის მორიგ საკვალიფიკაციო მატჩს ისრაელთან გამართავს.

 

გამოყენებულია საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ფოტო და ვიდეომასალა