ფრანგი ავტომრბოლელი ესტებან ოკონი მომდევნო სეზონში „მერსედესის“ სარეზერვო პილოტის როლს შეასრულებს. წინა ორი სეზონი 22 წლის სპორტსმენმა „ფორს ინდიაში“ გაატარა.
„ოკონი ჩვენი სარეზერვო და მესამე პილოტი იქნება“, – განაცხადა გერმანული საჯინიბოს ხელმძღვანელმა ტოტო ვოლფმა ფორმულა 1-ის ოფიციალური გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში. – „მას ბევრი მუშაობა მოუწევს სიმულატორზე იმაში დასარწმუნებლად, რომ მზად არის. იმედი გვაქვს, რომ ესტებანი სეზონამდე და სეზონის მსვლელობისას ტესტებში მიიღებს მონაწილეობას“.
წლევანდელი ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ეტაპით ადრე, ოკონი 49 ქულით მე-11 ადგილზეა საერთო ჩათვლაში. მომავალ წელს მის ადგილს „ფორს ინდიაში“ კანადელი ლენს სტროლი დაიკავებს.