დუეინ ვეიდმა კამერას შეხედა, მარტო დადგა ოთახში და დაახლოებით ათი წუთი ისაუბრა. შიგადაშიგ სიტყვების წარმოთქმა უჭირდა, ემოციებს ვერ აკონტროლებდა. მან იტირა და საბოლოოდ, მისივე თქმით, ცხოვრების ურთულესი გადაწყვეტილება მიიღო.
ერთი სეზონიც.
ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება მოიცდის. ვეიდმა კვირას ვიდეო ჩაწერა და განაცხადა, რომ „მაიამი ჰითში“ მე-16 და ფინალური სეზონის სათამაშოდ დაბრუნდება. მან ბოლო რამდენიმე თვე ფიქრში გაატარა, ორიოდ დღის წინ კი კარიერის დასრულებას ფიქრობდა.
„მე ყოველთვის ყველაფერს ჩემებურად ვაკეთებდი,“ თქვა ვეიდმა, რომელიც 2.4 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტს კვირის ბოლოს გააფორმებს. „კარგიც ბევრი იყო და ცუდიც. მე ახლა აქ იმიტომ ვდგავარ, რომ ყოველთვის ისე ვიქცეოდი, როგორც ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის იყო უკეთესი. მე ვგრძნობ, რომ მაქვს უფლება გთხოვოთ – ერთხელაც, უკანასკნელად ვიცეკვოთ ერთად, ბოლო სეზონიც დამრჩა.“
„ეს დასასრულია. თამაშს ყველაფერი მივეცი რაც მქონდა და ამის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. იგივეს გავაკეთებ ბოლო სეზონში, გავცემ იმას რაც ჩემში დარჩა.“
ვეიდი „ჰითის“ ლიდერი ქულებში, შედეგიან გადაცემებში, ჩაჭრებში და ჩატარებული თამაშების ოდენობაშია. მაიამიმ ზაფხულში 19 მოთამაშე დაიმატა, ერთით ნაკლები რისი უფლებაც ჰქონდათ და არასდროს გაჩენილა კითხვა თუ ვისთვის ინახავდა კლუბი ბოლო ადგილს.
ადგილები შეივსო, თუმცა გარანტია, რომ ვეიდი, რომელიც შეხვედრაში საშუალოდ 22.5 ქულას აგდებს, დაბრუნდებოდა, არ არსებობდა.
მან გადაწყვეტილება მოსალოდნელზე ბვევრად გვიან მიიღო. ამის უპირველესი მიზეზი კი ის იყო, რომ ვეიდმა არ იცოდა რა სურდა. ყველაფერს პირადი და ოჯახური ამბებიც დაემატა და საბოლოოდ მან „ჰითთან“ კონტრაქტის პირობებიც შეათანხმა. კალათბურთელთან დაახლოებული პირები პრესასთან ამბობენ, რომ გასულ კვირამდე ვეიდს კარიერის დასრულება ჰქონდა გადაწყვეტილი. სწორედ ამ დროს დაუკავშირდა დუეინს „ჰითის“ მთავარი მწვრთნელი, ერიკ სპოელსტრა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარა.
არავინ იცის რა უთხრა უეიდს სპოელსტრამ, თუმცა ფაქტია, რომ საუბარმა გაჭრა.
„შემიძლია ფიზიკურად ამის გაკეთება? შემიძლია ყოველ დღე ლოგინიდან ადგომა? შემიძლია დილით ტკივილის გაძლება? შემიძლია მოგზაურობის ატანა? შემიძლია ოჯახისგან შორს ყოფნა? ჩემი მხრიდან ეგოისტური ხომ არ არის, რომ ოჯახს ასე ცოტა დროს ვუთმობ?“ – ეს ის კითხვებია, რომლებზეც პასუხის პოვნა ვეიდს გადაწყვეტილების მიღებამდე სურდა.
როგორც ჩანს მან პასუხები იპოვა.
„არის რაღაცეები, რომლებიც გარედან უმნიშვნელოდ ჩანს, მაგრამ ჩემთვის ეს რეალობაა. მე ვგრძნობ, რომ ოჯახისთვის ამდენი წლის მანძილზე პრიორიტეტი ვიყავი, მაგრამ მოდის დრო, როდესაც ყველამ უნდა იფიქროს სხვაზე, განსაკუთრებით კი მათზე ვინც დიდი დროის მანძილზე მხარს გიჭერდა, ოცნებების ახდენაში და ხანგრძლივ მოგზაურობაში გეხმარებოდა.“- თქვა მან.
ვეიდის დაბრუნება იმას ნიშნავს, რომ მაიამის ისეთივე გუნდი ეყოლება, როგორიც შარშან ჰყავდა – ახალგაზრდა მოთამაშეები, რომლებმაც სეზონი 44-38-ზე დაასრულეს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილი დაიკავეს.
თუმცა წელს ერთი ცვლილებაა, მათ დასახული მიზნის მიღწევაში დუეინ ვეიდი სეზონის დასაწყისიდანვე დაეხმარება.
უეიდმა 2016-17 წლების სეზონი ჩიკაგოში გაატარა, შემდეგ კი კლივლენდში ითამაშა. კალათბურთელი „ჰითში“ თებერვალში დაბრუნდა, პლეიოფების ჩათვლით 26 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 12.9 ქულა გააკეთა. მას გუნდზე უდიდესი გავლენა აქვს, როგორც თამაშისას, ასევე დარბაზს მიღმა. უეიდი 14 თებერვლის სკოლის ინცინდენტს გამოეხმაურა, რომლის დროსაც 17 მოსწავლე დაიღუპა. მათ შორის იყო ხოაკინ ოლივიერი, რომელიც „ჰითის“ გულშემატკივარი იყო.
ოლივიერის მშობლებმა შვილი დუეინ ვეიდის მაისურით დაკრძალეს.
„როდესაც ჰენკი გარდაიცვალა, მე ჩემი ნაწილი დავკარგე,“ – თქვა თვალცრემლიანმა ვეიდმა.
გეგმა მარტივია – ვეიდი შეხვედრებში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთვება და მატჩს დაასრულებს კიდეც.
კალათბურთელს ხელშეკრულების გაფორმება ნებისმიერ კლუბთან შეეძლო, თუმცა ის ამას არც განიხილავდა. ვეიდი ან მაიამიში დარჩებოდა, ან არსად.
მაიამიმ გაიმარჯვა.
„ბოლო სეზონით სიამოვნება უნდა მივიღოთ. ახალგაზრდა გუნდი მცირე გორაკზე უნდა გადავიყვანოთ და ჩვენი ისტორია ჩვენივე ხელებით დავწეროთ. დარწმუნებული ვარ ამას ერთად შევძლებთ“- განაცხადა მან.
წყარო: ESPN-მა ლეგენდარული დუეინ ვეიდის ბოლო სეზონს ვრცელი სტატია მიუძღვნა.