ესპანურმა „ჟირონამ“ შესაძლოა საშინაო მატჩი მაიამიში გამართოს
ესპანურმა „ჟირონამ“ შესაძლოა საშინაო მატჩი მაიამიში გამართოს

მულტინაციონალურ მედიაკომპანია „რელევენტ სპორტსთან“ (Relevent Sports) გაფორმებული 15 წლიანი კონტრაქტის თანახმად, „ლა ლიგის“ ცალკეული მატჩები აშშ-ში გაიმართება. უკვე ცნობილია, რომ 27 იანვარს „ჟირონა“ „ბარსელონას“ მაიამიში უმასპინძლებს. გადაწყვეტილება კლუბების ხელმძღვანელებმა უკვე მიიღეს, ახლა საბოლოო სიტყვა ფეხბურთელებზეა.

როგორც ცნობილია, აშშ-ში თამაშების ჩატარებას სპორტსმენები ეწინააღმდეგებიან. საქმეში ჩართულია ესპანელ ფეხბურთელთა გაერთიანება, რომელიც ამ შეთანხმების სამართლებრივ მხარეს სწავლობს და მოთამაშეთა უფლებებს იცავს. აღნიშნულმა გაერთიანებამ გამოქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ „ჟირონასა“ და „ბარსელონას“ ფეხბურთელებს ჯერჯერობით არ აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია მაიამიში დაგეგმილ მატჩთან დაკავშირებით. ისინი გადაწყვეტილებას მხოლოდ მას შემდეგ მიიღებენ, რაც ამ შეხვედრასთან დაკავშირებულ დეტალებს გაეცნობიან. საბოლოო პასუხს კი გუნდების კაპიტნები გამოაქვეყნებენ.

„ლა ლიგის“ ხელმძღვანელობა ცდილობს მაქსიმალურად შეამციროს დისკომფორტი, რომელიც ფეხბურთელებსა და გულშემატკივარს „რელევენტ სპორტსთან“ (Relevent Sports) გაფორმებული კონტრაქტით შეუქმნა. ისინი აპირებენ, „ჟირონასა“ და „ბარსელონას“ ფანები საკუთარი სახსრებით წაიყვანონ მაიამიში მატჩზე დასასწრებად.