ესპანური რადიოს მტკიცებით, „ნიუკასლმა“ „ვალენსიას“ მამარდაშვილის ტრანსფერზე ოფიციალურად მიმართა #1TVSORT
„ნიუკასლ იუნაიტედი“ მეკარეს ეძებს, რომელიც ნიკ პოუპს გაუწევს კონკურენციას და „ვალენსიას“ გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე ოფიციალურად მიმართა – ინფორმაციას ესპანური სპორტული რადიო El Partidazo de COPE ავრცელებს.
„გიორგი მამარდაშვილის თაობაზე „ნიუკასლმა“ „ვალენსიას“ ოფიციალური წინადადებით მიმართა – ქართველი მეკარის ტრანსფერის ღირებულება დაახლოებით 40 მილიონი ევროა.
„ვალენსიას“ ხელმძღვანელობას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. მამარდაშვილს კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. ახალი ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, მისი გამოსასყიდი თანხა 17 მილიონიდან 85 მილიონ ევრომდე გაიზარდა, მაგრამ ინგლისური კლუბის მესვეურები იმედოვნებენ, რომ ესპანელებთან შეთანხმებას მოახერხებენ.
2023 წლის დეკემბერში „ნიუკასლის“ მეკარემ, ნიკ პოუპმა მხრის ტრავმა მიიღო, სეზონის დარჩენილი ნაწილი გამოტოვა და ევრო 2024-ზე გამგზავრებასაც ვერ შეძლებს“, – ამტკიცებს ესპანური სპორტული რადიო.