ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რაიმე ძალიან უცნაური უნდა მოხდეს, რომ მადრიდის ‘ატლეტიკოს’ ფრანგი ვარსკვლავი ანტუან გრიზმანი მომავალი სეზონიდან ბარსელონაში ვერ ვიხილოთ.
გაზეთი ‘მარკა’ (Marca) აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით ‘ყველა გზა გრიზმანისკენ მიდის’ და მკითხველს არწმუნებს, რომ ფრანგის კატალონიურ გრანდში გადასვლას წინ არაფერი დაუდგება.
ამავე დროს, გაზეთის ცნობით, ‘ატლეტიკო’ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გრიზმანი გუნდში დატოვოს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას ახალ კონტრაქტს სთავაზობენ, რომელიც, ბუნებრივია, ანაზღაურების გაზრდასაც გულისხმობს. ‘მარკას’ ცნობით, ამჟამად გრიზმანის ხელფასი წელიწადში 15 მილიონი ევროა და როგორც ცნობილი ხდება, ატლეტიკოს ხელმძღვანელობა ამ რიცხვის 20 მილიონამდე გაზრდას აპირებს.
თავად გზირმანმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს და შედეგი მოკლე დროში გახდება ცნობილი.