ესპანური მედია პაპუნაშვილზე - „სარაგოსა“ მისი და კიდევ ორი ფეხბურთელის უთამაშებლოთ მილიონ ევროს მიიღებს
გამოცემა „სპორტარაგონმა“ სარაგოსას „რეალის“ მიერ იჯარით გაშვებულ მოთამაშეებზე წერილი გამოაქვეყნა და საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, სანტანდერის „რასინგში“ დროებით გადასული გიორგი პაპუნაშვილის თემასაც შეეხო.
„იჯარის უპირატესობები“ – ასე დაასათაურა ესპანურმა გამოცემამ წერილი, სადაც ამტკიცებს, რომ „რეალს“ ქართველის და იჯარით გაშვებული სხვა ორი მოთამაშის კონტრაქტში ჩაწერილი პირობების თანახმად, კორონავირუსის შემდეგ ესპანურ ფეხბურთში შექმნილი ვითარებით შეუძლია ისარგებლოს.
„ხორხე პომბო, დანი ლასურე და გორგი პაპუნაშვილი ზამთარში სარაგოსას „რეალმა“ მეორე დივიზიონის გუნდებში იჯარით გაუშვა. ახლა „რეალ სარაგოსას“ ლა ლიგაში შექმნილი ვითარების გამო, მილიონ ევროზე მეტი საკომისიოს მიღება შეუძლია“, – წერს გამოცემა.
ამის მაგალითად „სპორტარაგონი“ ქართველის „რასინგში“ გადასვლისას მიღწეული შეთანხმების საინტერესო პუნქტს ასაჯაროებს.
„ქართულ მოთამაშესთან გაფორმებულ კონტრაქტში არის გათვალისწინებული ჯარიმა, რომლის თანახმად, „რასინგი“ სარაგოსას „რეალს“ ჯარიმას გადაუხდის, თუ ქართველი 15 მატჩზე ნაკლებს ითამაშებს. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ სანტანდერის „რასინგს“ ამ ჯარიმის გადახდა მოუწევს, რადგან ახალ გუნდში პაპუნაშვილმა თავიდან ოთხი მატჩი ითამაშა, მაგრამ შემდეგ სამი შეხვედრა ტრავმების გამო გამოტოვა. ჩემპიონატი კი შეწყდა და შესაძლოა, აღარც განახლდეს. ასევეა პომბოს და ლასურეს ამბავიც. მათი უთამაშებლობის შემთხვევაში კი კლუბებს „რეალისთვის” საჯარიმო თანხების გადახდა მოუწევთ, რაც მილიონ ევროს უტოლდება“, – წერს „სპორტარაგონი“.