ესპანური მედია მამარდაშვილზე - ახალგაზრდა მეკარემ თამაში გააუმჯობესა და ნდობა დაიმსახურა #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილი ამომავალი ვარსკვლავია და დიდი მომავალი აქვს – ასე აფასებს გამოცემა football-espana „ვალენსიას“ ქართველი მეკარის პერსპექტივას.
მამარდაშვილი „ვალენსიაში“ დამკვიდრებით ამომავალი ვარსკვლავი ხდება
„ვალენსიამ“ 2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში გიორგი მამარდაშვილი „დინამო თბილისიდან“ რომ შეიძინა, კლუბში ფიქრობდნენ, რომ მეკარეს სარეზერვო გუნდისთვის, „ვალენსია მესტალასთვის“ იმატებდნენ, რომელიც მეხუთე ლიგაში თამაშობს. თუმცა, აღმოჩნდა, რომ მათ აიყვანეს ფეხბურთელი, რომელიც პირველი გუნდის პირველი ნომერი გახდა.
მამარდაშვილის მეტეორული აღზევება იღბალის შედეგიცაა, რადგან „ვალენსიას“ ორი პირველი გუნდის მეკარეები იასპერ სილესენი და ხაუმე დომენეკი ლა ლიგის 2021/22 წლების სეზონის პირველ ტურამდე დაშავდნენ. მაგრამ, როგორც იტყვიან, იღბალს თავად ქმნი – მამარდაშვილმა კი სეზონის დაწყებამდე მწვრთნელ ხოსე ბორდალასზე შთაბეჭდილება მოახდინა, ამიტომ ახალგაზრდა ქართველმა „ხეტაფესთან“ პირველი მატჩი ითამაშა.
დებიუტანტი შესანიშნავი იყო და ამ გმირობის წყალობით მამარდაშვილი სეზონის პირველი ტურის საუკეთესო მეკარედ დასახელდა. მაშინაც კი, როცა წინა სასტარტო შემადგენლობის მეკარე სილესენი გამოჯანმრთელდა, მამარდაშვილმა ადგილი მომდევნო ხუთ მატჩშიც შეინარჩუნა და ნიდერლანდელი მეკარე სათადარიგოთა სკამზე დატოვა. ამ დროს მამარდაშვილმა ნაკრებშიც პირველად ითამაშა. 20 წლის ასაკში, საქართველოს ეროვნულ გუნდში ბულგარეთის წინააღმდეგ სადებიუტო მატჩი ჩაატარა.
მე-7 ტურში ბორდალასმა შეცვალა მეკარე და სილესენს თამაშის საშუალება მისცა, მაგრამ მამარდაშვილი ვარჯიშზე შრომას აგრძელებდა და დარწმუნებული იყო, რომ დასაბრუნებლად მზად იყო, თუ ამის შესაძლებლობა გაჩნდებოდა. მეორე შანსი იანვარში მიეცა, როდესაც სილესენი 21-ე ტურში „სევილიასთან“ კიდევ ერთხელ დაშავდა. თუმცა ბორდალასი უფრო გამოცდილ ხაუმე დომენეკს ენდობოდა, რომელმაც ნიდელანდელი „სევილიასთან“ შეცვალა და შემდეგი მატჩებიც ითამაშა.
თუმცა, 21 წლის ფეხბურთელმა შემადგენლობაში ადგილი 23-ე ტურში დაიბრუნა და მას შემდეგ ლიგის ორი მატჩის გარდა ყველა ითამაშა. იმის მიუხედავადაც, რომ სილესენი დაბრუნდა, ქართველმა მწვრთნელის ნდობა შეინარჩუნა. სილესენიც და დომენეკიც სეზონის ბოლოს ფორმაში არიან, მაგრამ სწორედ მამარდაშვილია „ვალენსიას“ სასტარტო მეკარე და „ვალენსიამ“ უკვე გაააქტიურა „დინამო თბილისთან“ საიჯარო ხელშეკრულებაში ჩადებული ტრანსფერის გამოსყიდვის ვარიანტი.
დანარჩენი ორი მეკარის გამოცდილებიდან გამომდინარე, ქართველმა ნამდვილად დაიმსახურა პირველობა, რადგან არა ერთ, არამედ სასტარტო შემადგენლობის დონის ორ მეკარეს აჯობა. ეს მიღწეულია შრომისმოყვარეობით: ახალგაზრდა მეკარემ თამაში გააუმჯობესა, განსაკუთრებით – გამოსვლაზე. ახლა უფრო მეტ ჩაწოდებას იჭერს, ვიდრე იგერიებს.
ენთუზიაზმიდან და თამაშებიდან გამომდინარე, მამარდაშვილმა მიიღო „ვალენსიას“ გულშემატკივრების და გუნდის ლეგენდის, სანტიაგო კანისარესის მხარდაჭერა. ის ბორდალასის ნდობითაც სარგებლობს და რადგან მხოლოდ 21 წლისაა, უდავოდ ის მეკარეა, ვისი ყურებაც მომავალში აუცილებლად ღირს.“