გიორგი მამარდაშვილით არა მხოლოდ მილანის „ინტერია“ დაინტერესებული, არამედ მას ესპანური ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდი – მადრიდის „ატლეტიკოც“ იწვევს. თუმცა, ტრანსფერი იმ შემთხვევაში შედგება, თუ დიეგო სიმეონეს გუნდს სლოვენიელი მეკარე იან ობლაკი დატოვებს – ინფორმაციას ესპანური გადაცემის, El Chiringuito-ის გვერდი ავრცელებს.
„გიორგი მამარდაშვილი საზაფხულო სატრანსფერო ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. მხოლოდ „ინტერი“ არ დაინტერესდა „ვალენსიის“ მეკარით, რომელიც ამჟამად საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში საკუთარ ქვეყანაში ევროპის ჩემპიონატზე თამაშობს.
მადრიდის „ატლეტიკო“ მზად არის, კვლავ ბრძოლაში ჩაერთოს, თუ იან ობლაკი მნიშვნელოვან შეთავაზებას მიიღებს. ასეთ შემთხვევაში, მადრიდელები მამარდაშვილის სახით იდეალურ შემცვლელს მიიღებენ.
შესაძლოა, „ვალენსიამ“ მეკარე 25 მილიონი ევროს შემოთავაზების შემთხვევაშიც გაუშვას, მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტში გამოსასყიდ პუნქტში 100 მილიონი წერია“, – წერია El Chiringuito-ს ვებგვერდზე.
საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ეს ცნობა სიმართლეს შეესაბამება – „ატლეტიკომ“ მოთამაშის მენეჯერთან მოლაპარაკება სეზონის დასრულებისთანავე დაიწყო. მთავარია, მზად არიან თუ არა მადრიდელები, რომ „ვალენსიის“ მიერ მოთხოვნილი თანხა გადაიხადონ.