ესპანეთის უმაღლესი საფეხბურთო დივიზიონის მოთამაშეები არ გამორიცხავენ გაფიცვას იმ შემთხვევაში, თუ ლიგის ერთ-ერთი მატჩის ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართვა საბოლოოდ გადაწყდება, აცხადებენ საფეხბურთო პროფესიული კავშირის წარმომადგენლები.
„რეალ მადრიდის“ კაპიტანი სერხი რამოსი და „ბარსელონას“ ვიცე-კაპიტანი სერხიო ბუსკეტსი იმ ფეხბურთელებს შორის არიან, ვინც ამ საკითხთან დაკავშირებულ შეხვედრას დაესწრებიან და თავიანთ მოსაზრებებს გამოთქვამენ.
გასულ პარასკევს ლა ლიგის ხელმძღვანელობამ 15-წლიანი კონტრაქტი გააფორმა ამერიკულ მედია კომპანია „რელევენტთან“ (Relevent), რაც, სხვა საკითხებთან ერთად, ლიგის ერთ-ერთი მატჩის შეერთებულ შტატებში გამართვასაც ითვალისწინებს. მოთამაშეთა პროფესიულ კავშირში აცხადებენ, რომ ფეხბურთელები საქმის კურსში არ ჩაუყენებიათ.
„პრობლემა ის არის, რომ ამ გადაწყვეტილებაში საღ აზრს ვერ ვხედავთ“, – აცხადებს პროფკავშირის თავმჯდომარე დავიდ აგანსო, – „ისინი მხოლოდ ფეხბურთის ექსპორტზე ფიქრობენ და გულშემატკივრები არავის ახსენდება. შეხვედრა უნდა შედგეს და ყველაფერი გადაწყდეს გუნდების კაპიტნების თანდასწრებით. ისინი მსგავსი გადაწყვეტილების წინააღმდეგნი არიან. წარმოიდგინეთ, 15-წლიანი კონტრაქტი ფორმდება და ფეხბურთელებთან კონსულტაციებს არავინ გადის“.
ჟურნალისტები ლიგის წარმომადგენლებსაც დაუკავშირდნენ და ამერიკაში გასამართი მატჩის შესახებ ჰკითხეს, თუმცა რომელი მატჩი იქნება ეს, როდის ან რომელ სეზონში, ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.