ესპანური გუნდის ყოფილმა ლიდერმა საუკეთესო ქართველი ფეხბურთელები დაასახელა
საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში ესპანური „სელტასა“ და რუსეთის ნაკრების ყოფილმა ლიდერმა, ალექსანდრ მოსტოვოიმ ქართველი ფეხბურთელებიდან საუეკთესოები დაასახელა.
„კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. ის „რუბინში“ ძალიან კარგ სეზონს ატარებს. ორი წლის წინ, კვირკველია „ლოკომოტივში“ საუკეთესო მცველი იყო და საწყენია, რომ მერე რაღაც ვერ აეწყო. კარგია, რომ „როტორში“ წავიდა და იქ მაინც თამაშობს. პერსპექტიული ბიჭია ზუკა დავითაშვილიც, რომელიც ასევე „როტორში“ გადავიდა“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან მოსტოვოი.
ამ სამეულის გარდა, ესპანური „სელტასა“ და რუსეთის ნაკრების ყოფილმა ლიდერმა გიორგი ჩაკვეტაძეზეც გველაპარაკა.
„ევროპაში მოთამაშე ქართველებიდან გიორგი ჩაკვეტაძე დამამახსოვრდა. ორი წლის წინ, ბელგიის ჩემპიონატში „გენტის“ თამაში ვნახე და ეს ბიჭი ძალიან მომეწონა – სწრაფი და ტექნიკურია, შეტევებს კარგად ავითარებს და ამწვავებს. ვიცი, რომ ტრავმების გამო დიდი პაუზა ჰქონდა, მაგრამ იმედია, ფორმას მალე აღიდგენს და წარმატებებს მიაღწევს“, – აცხადებს ალექსანდრ მოსტოვოი.