ესპანური გამოცემა - „ვილიარეალი“ დანჟუმას ნაცვლად კვარაცხელიას დამატებას შეეცდება #1TVSPORT
24 წლის შემტევი ნახევარმცველი „ვილიარეალიდან“ არნო დანჟუმა ლა ლიგის სეზონის აღმოჩენაა და დიდია ალბათობა, ზამთარში სატრანსფერო „ფანჯარაში“ ინგლისის პრემიერლიგის გუნდში გადავიდეს, მის ნაცვლად კი კლუბში ქართველი თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას დამატებაზე ფიქრობენ, – ინფორმაციას ესპანეთის ლა ლიგის კლუბის ესპანური გამოცემა elgoldigital ავრცელებს.
წერილის ავტორის, მიგელ კასტილოს აზრით, ეს არჩევანი მთავარი სიურპრიზი შეიძლება გახდეს, რადგან დარწმუნებულია, რომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს დიდი პოტენციალი გააჩნია.
„ნიდერლანდელმა ლა ლიგაში ყველა გააოცა და პრემიერლიგის გუნდების ნახევარი დააინტერესა. დანჟუმა უბრალოდ სასწაულად თამაშობს, ამის შემდეგ ნიდერლანდების ნაკრებში დებიუტიც ჰქონდა, სადაც ასევე სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა. მისი წასვლა ადრე თუ გვიან გარდაუვალია, ამიტომ მისი შემცვლელის ძებნა სასწრაფოდ საჭიროა.
კვარაცხელია გახდა ესპანეთის ერთ-ერთი გმირი, დაამარცხა შვედეთი და ესპანეთს საკვალიფიკაციო ეტაპიდან 2022 წელს ყატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისკენ გზა გაუხსნა. ამით მან ლა ლიგის გუნდების ყურადღება მიიქცია.
ის ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ამჟამად ყაზანის „რუბინში“ თამაშობს. ფეხბურთელი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს თავის გუნდში, სადაც მან მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
კვარაცხელიასთან კონტრაქტის გაფორმების ინტერესს ის ფაქტიც ზრდის, რომ 20 წლისაა. „ვილიარეალში“ თვლიან, რომ მას აქვს უზარმაზარი პოტენციალი, რომელიც ჯერ კიდევ გამოსავლენია და დანჟუმას გაყიდვიდან მიღებული შემოსავლით, შესაძლოა კვარაცხელიასთან კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტონ, რაც სულაც არ დაუჯდებათ იაფი.
კვარაცხელია, ფართო საზოგადოებისთვის უცნობი მოთამაშეა. Transfermarkt-ი ამჟამად საქართველოს ნაკრების მარცხენა ფლანგის შემტევის ტრანსფერს 18 მილიონ ევროდ აფასებს. ეს ღირებულება არ შემცირდება, რადგან კვარაცხელიას პროდუქტიულობა იზრდება. სწორედ ამიტომ, თუ „ვილიარეალს მისი დამატება სურს, დიდი თანხის დახარჯვა მოუწევს.
ვარაუდობენ, რომ ქართველის ტრანსფერმა შეიძლება 20 მილიონ ევროს მიაღწიოს – „ვილიარეალი“ თანხის შემცირებასაც შეეცდება. რა თქმა უნდა, როგორც აღვნიშნეთ, მისი ჩამოსვლა ზამთრის ბაზარზე დანჟუმას გაყიდვაზე იქნება დამოკიდებული.“