ესპანური გამოცემა - „ვალენსიას“ შეკრებაზე მამარდაშვილის პროგრესით გაოცებულები არიან და შესაძლოა, შანსი მიეცეს #1TVSPORT
ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემა AS-მა წერილი გამოაქვეყნა „ვალენსიას“ მეკარეებზე და ძალიან საინტერესო ამბავით გაგვახარა – გუნდში ახლახანს ჩარიცხული გიორგი მამარდაშვილის პროგრესით გაოცებულები არიან და ფიქრობენ, რომ შესაძლოა, 20 წლის ქართველი ძირითადი მეკარის ერთ-ერთი კონკურენტი გახდეს.
„სილესენი მწვრთნელის ფავორიტია, მაგრამ ადგილისთვის კიდევ სამი იბრძვის, ქართველის დონემ კი ყველა გააკვირვა. ევროპის ჩემპიონატზე, კოპა ამერიკასა და ოლიმპიურ თამაშებზე წასული მოთამაშეების გამო, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა სეზონისწინა მოსამზადებელი ეტაპის პირველი ნაწილი მცირე რაოდენობის მოთამაშეებით დაიწყო. თუმცა, არის პოზიცია – მეკარეების, სადაც მწვრთნელს შეუძლია თავისი ფეხბურთელების მდგომარეობა პირველივე დღიდან შეაფასოს, რადგან უკვე ყველა ვარჯიშობს. ყველა მათგანი რამდენიმე კვირის განმავლობაში გადაწყვეტილებას დაელოდება. ახლა ოთხი მეკარეა – შემადგენლობაში ადგილისთვის მოსაპოვებლად იასპერ სილესენი, ხაუმე დომენიკი, კრისტიან რივერო და გიორგი მამარდაშვილი იბრძვიან. ყველა „ვალენსიაში“ შანსს ელოდება“, – წერს AS.
სამი მეკარის დახასიათების შემდეგ ესპანური გამოცემა ქართველის შანსებზეც წერს.
„და ბოლოს, საოცარი გიორგი მამარდაშვილი. ცნობილი იყო, რომ სპორტული მენეჯმენტის მიერ განხორციელებული მისი ტრანსფერი მომავალზე იყო გათვლილი. მაგრამ ვარჯიშების დროს პირველი შთაბეჭდილებით, გიორგის ბევრად გამოცდილი თანაგუნდელიც გაოცებული დარჩა. ქართველი თავს „ვალენსიაში“ სრულად ინტეგრირებულად გრძნობს. მისი როლი თავიდან ცნობილი იყო, რომ სარეზერვო გუნდში უნდა ეთამაშა, მაგრამ მზადების დაწყებიდან 12 დღის შემდეგ, მას მთავარ გუნდში ბრძოლის შესაძლებლობა გააჩნია. მწვრთნელისთვის დილემა იყო, სამი მეკარიდან რომელი აერჩია, ახლა მას არჩევანი ოთხ კიპერს შორის მოუწევს“.