ესპანური გამოცემა - თურქეთს ევრო 2020-ის დამოუკიდებლად ჩატარება სურს
„თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ უეფა-ს შესთავაზა, რომ კორონავირუსის საფრთხის პირობებში, მზად არის 2020 წლის ევროპის ჩემპიონატს დამოუკიდებლად უმასპინძლოს“ – ინფორმაციას ესპანური გამოცემა AS ავრცელებს.
გამოცემა ამ მოულოდნელი წინადადების დეტალებზე წერს და საზოგადოებისთვის უცნობ ფაქტებს აქვეყნებს.
„თურქეთის ფეხბურთის ფედერაციაში ითვალისწინებენ, რომ თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ ერდოღანსა და უეფა-ს პრეზიდენტს, ალექსანდრე ჩეფერინს შორის კარგ ურთიერთობებია – წინადადების შეთავაზებისას ამის იმედი ჰქონდათ. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ თურქებს ეს ფაქტი დაეხმაროს, რადგან უეფა ტურნირის გადადებას გეგმავს“ – აღნიშნავს AS.
თურქული მხარის მთავარი არგუმენტი არის კორონავირუსით ინფიცირებულთა მცირე რაოდენობა – ამ ქვეყანაში ვირუსი ათზე ნაკლებ ადამიანს დაუფიქსირდა.
უეფა ევრო 2020-ის ფინალური ეტაპის გამართვას 12 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით 12 ქვეყანაში გეგმავდა. თუმცა, სავარაუდოა, რომ AS-ის ვერსიით, ტურნირი COVID-19 პანდემიის გამო გადაიდება.