ესპანური გამოცემა - სილესენი საიმედო არაა, ის მამარდაშვილზე მეტს უშვებს #1TVSPORT
ესპანურმა გამოცემა „პლაზა დეპორტივამ“ „ვალენსიას“ მეკარეებზე წერილი გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცებს, რომ გიორგი მამარდაშვილის შემდეგ კარში ჩამდგარ იასპერ სილესენს კარის ღირსეული დაცვა არ შეუძლია.
„იასპერ სილესენს, როდესაც „ვალენსიას“ კარში დაბრუნდა, ადვილი დასაწყისი არ ჰქონია. ბორდალასის გუნდს ექვსი თამაშია არ მოუგია და ვითარება არც კარში ნიდერლანდელს გამოჩენის შემდეგაც არ გაუმჯობესებულა. მხოლოდ ერთი მშრალი თამაში ჩაატარა კადისში, მაგრამ 4 შეხვედრაში 6 გოლი გაუშვა. ეს ნიშნავს, რომ მას კარის საიმედოდ შენახვა არ შეუძლია.
ამ თვალსაზრისით, რეალობა ისაა, რომ სილესენი გიორგი მამარდაშვილის სტატისტიკის გაუმჯობესებას ვერ ახერხებს. ქართველმა წინასასეზონოდ შანსი გამოიყენა და თამაში დაიმსახურა, მიუხედავად იმისა, რომ ბორდალასს თავდაპირველად სილესენის დაყენება სურდა. მან „ხეტაფესთან“ და „ალავესთან“ გააჩინა ეიფორია, რომელიც მისთვის ძვირფასია. თუმცა, მადრიდის „რეალთან“ და „სევილიასთან“ მის მიერ დაშვებულმა შეცდომებმა ბორდალასი აიძულა, კარში იასპერ სილესენი დაებრუნებინა.
მამარდაშვილმა ექვს მატჩში შვიდი გოლი გაუშვა და ორჯერ კარი მშრალად შეინახა. ანუ მამარდაშვილმა საშუალოდ თამაშში გაუშვა 1,16 გოლი, სილესენმა კი – 1,5. ფაქტობრივად, ნიდერლანდელმა უფრო მეტი გოლი გაუშვა“.