ესპანური გამოცემა ქეცბაიას სიტყვებს ადასტურებს - ფიფა შეცვლების ხუთამდე გაზრდას აპირებს
ესპანური გამოცემა ქეცბაიას სიტყვებს ადასტურებს - ფიფა შეცვლების ხუთამდე გაზრდას აპირებს

„ფეხბურთი იცვლება“ – წერია პოპულარული ესპანური გამოცემა „მარკას“ წერილში, რომლის ექსკლუზიური ინფორმაციითაც, ფიფა თამაშის წესებთან დაკავშირებულ რევოლუციურ ცვლილებებს ამზადებს, ერთ-ერთი მათგანი კი თამაშის დროს შეცვლების რაოდენობის ხუთამდე გაზრდას უკავშირდება.

„ფიფა ამზადებს ოფიციალურ დოკუმენტს თავისივე სამედიცინო კომიტეტის დასკვნის საფუძველზე. მასში შევა კომიტეტისა და ფედერაციების მიერ წარდგენილი არაერთი წინადადება, რომელთა ნაწილი დამტკიცდება, ზოგიც – არა. ერთ-ერთი წინადადება, რომელიც დამტკიცდება, არის მატჩის დროს გუნდში ხუთი შეცვლის უფლების ამოქმედება. ფატქობრივად, ფიფას წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ამ სიახლეს მიიღებენ. მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, ეს საიხლე კორონავირუსის პანდემიის დასრულებისთანავე დაინერგება თუ ზაფხულში, როდესაც ახალი ევროსეზონი გაიწყება“ – წერს Marca.

ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ყოფილმა და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ საქართველოს პირველი არხზე, გადაცემა „ტაიმაუტში“ ჩართვისას ილაპარაკა.

„ლაპარაკი შეცვლების რაოდენობის ხუთამდე გაზრდაზეა. მაგრამ ეს იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, თუ მიმდინარე სეზონი ევროპაში დასრულდება. ახალ სეზონს თუ დავიწყებთ, არა მგონია, ცვლილებები მოხდეს. თუმცა, ფეხბურთი წინ მიდის, მუდამ სიახლეები ინერგება და არა მგონია, მსგავსი ცვლილებები ცუდი იყოს. დიდი ხანია ვფიქრობდი, რომ ხუთი შეცვლა გაკეთდეს – არა იმიტომ, რომ ვინმემ ბოლო 10 წუთი ფეხბურთი არ ითამაშოს. იმ შემთხვევაში, თუ ორი შეცვლის უფლება გუნდმა შესვენებაზე გამოიყენა, მეორე ტაიმში კიდევ სამის უფლება მიეცეს. მაგრამ მწვრთნელი ამ უფლებით შესვენებაზე თუ არ ისარგებლებს, მხოლოდ სამი შეცვლა დარჩეს“ – განაცხადა „ტაიმაუტში“ თემურ ქეცბაიამ.