ესპანური გამოცემა - „მარიტიმუ“ მაკარიძისთვის საუკეთესო ვარიანტი იყო #1TVSPORT
ესპანური გამოცემა - „მარიტიმუ“ მაკარიძისთვის საუკეთესო ვარიანტი იყო #1TVSPORT

ესპანური გამოცემა estadiodeportivo გიორგი მაკარიძის პორტუგალიაში, „მარიტიმუში“ გადასვლას გამოეხმაურა, სადაც ის იმუშავებს მწვრთნელთან, რომელიც „ალმერიაში“ ავარჯიშებდა.

„მიმდინარე სეზონში ქართველი მეკარე „პონფერადინაში“ არც ისე ხშირად თამაშობდა და ახალ გუნდს ეძებდა. იანვარი დიდი ცვლილებების დროა: ბევრი მოთამაშე გუნდს იცვლის. განსაკუთრებით ისინი, რომლებმაც სეზონი კარგად ვერ დაიწყეს და სათამაშო დრო არ ჰქონდათ. ერთ-ერთი ასეთი „პონფერადინას“ მეკარე გიორგი მაკარიძეა.

ქართველმა „ალმერია“ გასულ ზაფხულს დატოვა, რადგან სასტარტო შემადგენლობაში ადგილი ფერნანდომ დაიმკვიდრა. გუნდში მაკარიძის „ნათლიმამა“ იყო ხოსე გომესი, სადაც თითქმის მთელი პირველი სეზონი მისი ხელმძღვანელობით ითამაშა.

მაკარიძეს ამ სეზონში „პონფერადინაში“ ბევრი შანსი არ ჰქონდა. გომესმა კი კონტრაქტი გააფორმა პორტუგალიურ „მარიტიმუსთან“, რათა დაქვეითების ზონაში მყოფი გუნდი გადაერჩინა. ახლა „ალმერიას“ ყოფილმა მწვრთნელმა მაკარიძე პორტუგალიაში წაიყვანა. ეს ის ქვეყანაა, სადაცა მაკარიძემ კარიერაში ყველაზე მეტი დრო გაატარა და რამდენიმე გუნდი შეცვალა: „ფეირენსე“, „მორეირენსე“, „რიო ავე“ და „ვიტორია სეტუბალი“. გიორგი პორტუგალიას კარგად იცნობს და ამიტომ ქართველისთვის ეს საუკეთესო ვარიანტი იყო.

მაკარიძემ სეზონში მხოლოდ შვიდი მატჩი ჩაატარა და მიუხედავად იმისა, რომ 32 წლისაა, მაინც სურს, ახალ გუნდში ისევ მნიშვნელოვანი ფიგურა გახდეს. ახლა ამის შესაძლებლობა აქვს. ვნახოთ, რა იქნება. სიმართლე ის არის, რომ ქართველ მეკარეს „პონფერადინაში“ არცთუ ისე კარგი პერიოდი ჰქონდა“, – წერს ესპანური გამოცემა.