ესპანური გამოცემა - მამარდაშვილმა „მილანთან“ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და შეხვედრის გმირი გახდა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიაში“ მორიგი გამორჩეული თამაში ჩაატარა, რაც ესპანურმა მედიამ აღნიშნა. ხოსე ბორდალასმა იტალიური გრანდის, „მილანის“ წინააღმდეგ „მესტალიაზე“ გამართულ შეხვედრაში 20 წლის მეკარე ისევ ძირითად შემადგენლობაში დააყენა, სადაც Trofeo Taronja გათამაშდა.
გიორგი ამ მატჩის გმირი იყო, რადგან ბევრჯერ მოუხდა გუნდის გადარჩენა, რაზეც გამოცემა eldesmarque წერს.
მამარდაშვილი, ძირითადის სიახლე და გმირი, რომელსაც ბორდალასი უნდა შეეგუოს
„ესპანური „ვალენსია“ Trofeo Taronja-ს მეთერთმეტე გამარჯვებული გახდა და თასი „მესტალიაზე“ შეინარჩუნა. ლა ლიგის დაწყებიდან სულ რაღაც ერთი კვირით ადრე, „ვალენსიამ“, საჭიროების მიუხედავად, სატრანსფერო სიახლეებით თავი ვერ გამოიჩინა. გუნდმა მხოლოდ ომარ ალდერეტე დაიმატა. იმავდროულად, ბორდალასს სხვა არჩევანი არ აქვს, გარდა იმისა, რომ დაკმაყოფილდეს იმით, რა შემადგენლობაც ჰყავს. „ნარინჯისფერებს“ პროგნოზირებადი ძირითადი შემადგენლობა ჰყავთ, თუ არ ჩავთვლით მთავარ სიახლეს, გიორგი მამარდაშვილს, რომელმაც „მილანთან“ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და შეხვედრის გმირი გახდა.
პირველ 45 წუთში დაცვის კარგი თამაშის გამო ბევრი სამუშაო არ ჰქონია. თუმცა ის დაზღვევაზე კარგი იყო. მე-12 წუთზე მან მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი მუშტებით მოიგერია. ცოტა ხნის შემდეგ კი სამუ კასტილიხოს დარტყმის შემდეგ ბურთი მშვენიერ ნახტომში მოიგერია. ნახევარი საათის შემდეგ ბრაჰიმ დიასმა შორიდან სცადა ბედი, მაგრამ ისევ ქართველი მეკარის საიმედო თამაშს შეეჯახა. 41-ე წუთზე რაფაელ ლიაომ გოლის გატანა კი მოახერხა, მაგრამ თამაშგარე დაუფიქსირდა და არ ჩაითვალა.
მეორე ტაიმში მამარდაშვილი საუკეთესო იყო. 62-ე წუთზე „მილანის“ მარცხენა ფლანგიდან წამოწყებული შეტევა ბრაჰიმმა გააგრძელა, ქართველმა მეკარემ ისევ საიმედოდ ითამაშა. გარდა ამისა, მან თამაშის ბოლოს ანტე რებიჩის და თეო ერნანდესის შეტევები შეაჩერა და გოლი არ გაუშვა. ძირითადი დრო 0:0 დასრულდა და პენალტების სერია დაინიშნა. მამარდაშვილს არცერთი დარტყმა არ აუღია, მაგრამ სამი გამოიცნო. ერთადერთი რადე კრუნიჩი იყო, რომელმაც ვერ გაიტანა და „ვალენსიამ“ 5:4 მოიგო.“
83-ე წუთზე „ვალენსიას“ და „ „მილანის“ მოთამაშეებს შორის ჩხუბი მოხდა, რომლის გმირიც იტალიელთა ახალწვეული ოლივიე ჟირუ იყო, მაგრამ ინციდენტი მალე ამოიწურა.