ესპანური გამოცემა კვარაცხელიაზე - იმის მიუხედავად, რომ ჯერ მხოლოდ 22 წლისაა, უკვე „ნაპოლის“ ლეგენდაა და საუკეთესო პერიოდი წინ აქვს #1TVSPORT
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების მატჩამდე გამოცემა „დიარიო ასმა“ საქართველოს ნაკრების ლიდერზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე წერილი გამოაქვეყნა.
„საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებიდან ესპანეთისთვის ყველაზე დიდ საფრთხე „ნაპოლის“ თავდამსხმელი, სერია A-ს გასული სეზონის MVP, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი და „ოქროს ბურთის“ ნომინანტი, 22 წლის ხვიჩა კვარაცხელიაა.
მისი სახელისა და გვარის გამოთქმა ადვილი არ არის, მაგრამ მოედანზე მასთან შეხვედრა კიდევ უფრო რთულია. საქართველოდან ესპანეთისთვის ყველაზე დიდი საფრთხე „ნაპოლის“ თავდამსხმელი იქნება, რომელიც ერთი წლის წინ ვერც კი წარმოიდგენდა, მისი კარიერა ასე თუ განვითარდებოდა.
2019 წელს, „დინამო თბილისისა“ და „რუსთავის“ გავლით, მოსკოვის „ლოკომოტივში“ მოხვდა, შემდეგ თითქმის სამი სეზონი ყაზანის „რუბინში“ გაატარა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 2022 წლის გაზაფხულზე საქართველოში, ბათუმის „დინამოში“ დაბრუნდა, საიდანაც „ნაპოლიმ“ მხოლოდ 10 მილიონ ევროდ დაიმატა.
ის ნეაპოლში გუნდის საკვანძო ფიგურის, ლორენცო ინსინიეს შემცვლელად მივიდა და შესანიშნავი სეზონი ჩაატარა – 43 თამაშში 14 გოლი გაიტანა, 17 საგოლე პასი შეასრულა, სერია A-ს MVP და ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ახლა კი „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა შორის მოხვდა.
არაპროგნოზირებადი დრიბლინგებით ბევრს ჯორჯ ბესტს აგონებს. 30-წლიანი პაუზის შემდეგ „ნაპოლის“ მიერ სკუდეტოს მოგებაში კვარაცხელიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა, ისევე როგორც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლაში.
კვარას სახე უკვე ნეაპოლის ყველა კუთხეში ჩანს და მომავალშიც ასე გაგრძელდება. მისმა აგენტმა, მამუკა ჯუღელმა და მამამ, ბადრი კვარაცხელიამ, CalcioNapoli24-თან საუბრისას წერტილი დაუსვეს საუბრებს კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ და განაცხადეს, რომ სხვა გუნდში გადასვლაზე არც ფიქრობენ.
კვარაცხელიას გუნდთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. დე ლაურენტისმა გუნდი მის გარშემო უნდა ააშენოს. იმის მიუხედავად, რომ სულ რაღაც 22 წლისაა, ის უკვე გუნდის ლეგენდაა. კვარადონას საუკეთესო პერიოდი ჯერ კიდევ წინ აქვს“, – წერს „დიარიო ასი“.