ესპანური გამოცემა - კვარაცხელიას მიზერული ხელფასი აქვს, ამდენს ინგლისის მეორე ლიგაში უხდიან #1TVSPORT
პოპულარულმა ესპანურმა გამოცემა Marca-მ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერილი გამოაქვეყნა, სადაც აქცენტი „ნაპოლიში“ მის დაბალ ხელფასზეა გადატანილი.
„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საფეხბურთო სამყარო „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას გაოცებული უყურებს – სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე ქართველი ევროპას აოცებს. „ნაპოლი“ კი მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას განიხილავს.
კვარაცხელია სეზონში 1,2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, კლუბს კი ხელფასის 2,5 მილიონამდე გაორმაგება უნდა. კვარაცხელიას კონტრაქტი, რომელიც 2027 წლამდეა გათვლილი, 2028 წლამდე გახანგრძლივდება. ეს ხელფასი იპყრობს სხვა კლუბების გულშემატკივრების ყურადღებას, რადგან გარემარბის მაღალ დონესთან წინააღმდეგობაში მოდის.
„ამ თანხის გადახდა პრემიერლიგის ნებისმიერ გუნდს შეუძლია, ჩემპიონშიფის (რანგით მეორე ლიგა) გუნდებსაც კი“, – განაცხადა მეტ ქენონმა, MARCA English-ის ჟურნალისტმა.
თუმცა, „ნაპოლის“ ეს არ აწუხებს. კლუბის მფლობელი აურელიო დე ლაურენტისი, რომელიც თავს კომფორტულად გრძნობს, ოსიმენისა და კვარაცხელიას მომავალზე ასე პასუხობს: „მე ძალიან კარგად ვაფორმებ კონტრაქტებს. ორივე უკვე „დაჯავშნულია“ და ჩვენთან დარჩება“.
დე ლაურენტისს, რომელიც ვალების არარსებობით ტრაბახობს, დიდი ხელფასების გადახდა არ სურს, გარდა იშვიათი შემთხვევებისა. კვარადონას ხელფასი ნელ-ნელა გაიზრდება, სანამ ნეაპოლური კლუბის სახელფასო სიის სათავეში არ მოხვდება – მთავარია, გასახდელის იერარქია არ დაირღვეს. ამჟამად გუნდში 4,5 მილიონზე მეტს არავინ იღებს“, – წერს ესპანური გამოცემა.