ესპანეთში ქალთა და მამაკაცთა ნაკრებების ანაზღაურება გაათანაბრეს #1TVSPORT
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაცხადა ხელშეკრულების გაფორმების შესახებ, რომელიც ერთნაირ პრემიებს აწესებს როგორც ესპანეთის ქალთა, ასევე მამაკაცთა ნაკრებებში თამაშებისთვის. ასევე თანაბარი იქნება თითოეული მოთამაშისთვის პროცენტი სასპონსორო ხელშეკრულებებიდან. გარდა ამისა, ხელშეკრულება სამუშაო პირობების გაუმჯობესების გარანტიას იძლევა. აქ იგულისხმება ერთნაირი დანახარჯები ტურნირების დროს ცხოვრებასა და კვებაზე.
ხელშეკრულება ძალაში შედის ევროპის 2022 წლის ჩემპიონატიდან, რომელიც ივლისში გაიმართება და ხუთი სეზონის განმავლობაში იმოქმედებს, მათ შორის, მსოფლიოს 2023 და 2027 წლების ჩემპიონატებზე და პარიზის 2027 წლის ოლიმპიადაზე.
ესპანეთის ქალთა ნაკრების კაპიტანმა და „ბარსელონას“ მცველმა ირენე პარედესმა ამ დღეს „ისტორიული“ უწოდა, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუის რუბიალესმა კი განაცხადა, რომ ესპანეთმა უნდა იზრუნოს ქალთა ფეხბურთის განვითარებაზე: „ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ შევამციროთ ხელფასებში სხვაობა მამაკაც გუნდებთან“.
მსგავსი ხელშეკრულებები უკვე მოქმედებს ინგლისში, ბრაზილიაში, ავსტრალიაში, ნორვეგიაში, დანიაში, ახალ ზელანდიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. პიონერი იყო ამერიკის ქალთა ნაკრები, რომელმაც თებერვალში მოიგო 2016 წელს დაწყებული სასამართლო პროცესი დისკრიმინაციის საქმეზე და მიაღწია თანაბარ ანაზღაურებას ნაკრებებში.
ესპანეთმა არც ისე დიდი ხნის წინ აღიარა ლა ლიგას ფეხბურთელთა პროფესიული სტატუსი. 2019 წლის ნოემბერში პირველი დივიზიონის ყველა კლუბის ფეხბურთელმა ესპანეთის ქალთა საფეხბურთო გუნდების ასოციაციის მიმართ პროტესტის ნიშნად უარი თქვა მატჩებში მონაწილეობაზე. ამ გზით ფეხბურთელებმა ყურადღება საზოგადოების ყურადღება მიაქციეს როგორც ჩემპიონატში, ასევე ნაკრებებში პრობლემების მიმართ.
მაშინ ფეხბურთელები მინიმალურ სამუშაო პირობებს ითხოვდნენ: ხელფასს წელიწადში 16 ათასი ევროს ოდენობით, ანაზღაურებად დეკრეტსა და დაზღვევას ტრავმების მკურნალობის შემდეგ.
გაფიცვამ იმოქმედა და 2020 წლის თებერვალში ასოციაციამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომელმაც აღიარა პირველი და მეორე დივიზიონის კლუბების პროფესიული სტატუსი. ახლა კი, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ გაათანაბრა პირობები მამაკაცთა და ქალთა ნაკრებებში თანაბარი ანაზღაურებისთვის.