ესპანეთში მატჩების დროს რასიზმთან ბრძოლის ახალი წესები შეიმუშავეს #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ გარემარბის ვინისიუსის განცხადებების ფონზე, რასიზმთან ბრძოლა ესპანეთში ახალ ეტაპზე გადადის. ადგილობრივმა ფედერაციამ ლა ლიგასთან ერთად შეიმუშავა ახალი პროტოკოლი მატჩების დროს რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იტყობინება, რომ თამაშების მიმდინარეობისას ძირითადი ვალდებულება არბიტრს ეკისრება. თუ ის თავად ხედავს რასიზმის გამოვლინებას ან ამის შესახებ მას ოფიციალური პირები ატყობინებენ, ის ვალდებული იქნება აჩვენოს სპეციალური ჟესტი და შეაჩეროს თამაში.
ამასთან, სტადიონზე ხმამაღლა გამოაცხადებენ მატჩის შეჩერების მიზეზებს და თუ რასიზმის გამოვლენა არ შეწყდება, მაშინ მატჩი მთლიანად შეწყდება.
თუ თამაში მაინც განახლდება, მაგრამ დისკრიმინაციულ საქციელს ისევ ექნება ადგილი, მსაჯი კვლავ შეაჩერებს მატჩს და გუნდებს გასახდელში გაუშვებს.
მაგრამ არსებობს პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც, უსაფრთხოების ოფიცერთან და კლუბების წარმომადგენლებთან კონსულტაციის შემდეგ, რასიზმის განმეორებით გამოვლენის შემთხვევაში, მსაჯმა საბოლოოდ უნდა შეაჩეროს თამაში.