ესპანეთს ტუნისთან მოგება გაუჭირდა
ესპანეთს ტუნისთან მოგება გაუჭირდა

მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი ესპანეთის ნაკრები უკვე რუსეთში იმყოფება, სადაც ტუნისის ნაკრებთან ამხანაგური მატჩი ჩაატარა. თამაში “კრასნოდარის” სტადიონზე გაიმართა და ესპანეთმა ერთადერთი გოლის წყალობით მოიგო, რომელიც მატჩის მიწურულს იაგო ასპასმა გაიტანა. “სელტას” ფორვარდი ექვსი წუთის შესული იყო მოედანზე, როცა დიეგო კოშტას პასი გამოიყენა.

ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ინიესტამ, რომელიც ესპანელთა რიგებში ყველაზე სუსტ წერტილად მონათლეს. “ბარსელონას” ნახევარმცველმა 23-ჯერ დაკარგა ბურთი, რაც ყველა მოთამაშეს შორის უარესი შედეგი იყო.

ხულენ ლოპეტეგისთვის ეს იყო მე-20 მატჩი ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში და სწორედ 20-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს გუნდს. ეს სერია 2016 წლის პირველი სექტემბრიდან გრძელდება.

ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა:
დე ხეა, ოდრიოსოლა (ნაჩო, 46), პიკე, სერხიო რამოსი, ჟორდი ალბა (ასპასი, 76), დავიდ სილვა (მარკო ასენსიო, 60), ბუსკეტსი, ტიაგო ალკანტარა (კოკე, 46), ისკო (ვასკესი, 46), ინიესტა, როდრიგო (დიეგო კოშტა, 60).