ესპანეთმა საბერძნეთთან ქულები დაკარგა და თბილისში რევანშის ასაღებად ჩამოვა [ვიდეო] #1TVSPORT
ესპანეთმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის სტარტზე ყველა გააოცა – საქართველოს ჯგუფის ფავორიტმა საკუთარ მოედანზე საბერძნეთის დამარცხება ვერ მოახერხა.
ესპანეთის ქალაქ გრანადაში გამართულ შეხვედრაში გოლი ესპანელთა შემტევმა ალვარო მორატამ გახსნა, რომელიც ლამაზი გოლის ავტორი გახდა. მაგრამ ესპანეთმა დაგეგმილი გამარჯვება ვერ იზეიმა. 55-ე წუთზე კუთხურის გათამაშების შემდეგ, ინიგო მარტინესმა საკუთარ საჯარიმოში გიორგიოს მასურასი წააქცია და მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ანასტასიოს ბაკასეტასმა გოლად გარდასახა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 1:1.
ეს ანგარიში არის სიგნალი, რომ ჯგუფში გამარჯვებისთვის ბრძოლა პირველივე მატჩებიდან დაიწყო და რომ ესპანეთი თბილისში რევანშის ასაღებად ჩამოვა. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას თბილისში, „დინამო-არენაზე“ ესპანეთთან გამართავს. მატჩი კვირას, 28 მარტს, 20:00-ზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო (FM 102,3) შემოგთავაზებთ.
მეორე ტური, 28 მარტი
საქართველო – ესპანეთი
20:00. თბილისი. ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო-არენა”
კოსოვო – შვედეთი
22:45. პრიშტინა. „ფადილ ვოკრი არენა“