ესპანეთმა რუმინეთს მოუგო - „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ მესამე ტურის შეჯამება
„რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ მესამე ტური ესპანეთისა და რუმინეთის დაპირისპირებით დასრულდა. მატჩამდე ორივე ნაკრებს თითო გამარჯვება და ამდენივე მარცხი ჰქონდა, თუმცა ორივემ ტურნირის ფავორიტ „ბორჯღალოსნებთან“ წააგო, რომელთანაც მათ კონკურენტ რუსეთს ჯერ არ უთამაშია.
შეხვედრის სტარტზე სტუმრები ფლობდნენ უდიდეს უპირატესობას. პირველ წუთზე ვლაიკუს მიერ შესრულებულ ზუსტ საჯარიმო დარტყმას, დუმიტრუს გარდასახული ლელო მოჰყვა. მე-19 წუთზე ვლაიკუმ კიდევ ერთი ჯარიმა შეასრულა ზუსტად და რუმინელები კომფორტული უპირატესობით, ანგარიშით 13:0 დაწინაურდნენ. ჩამორჩენამ ესპანელები არ შეაშინა და ლოპესის მიერ 30-ე წუთზე დადებული ლელოთი შეხვედრაში დაბრუნდნენ – 7:13.
მეორე ნახევარში მაყურებელმა განსხვავებული სურათი იხილა – ახლა უკვე მასპინძლები დომინირებდნენ და ტაიმის პირველივე წუთზე ხიმენოს ლელოთი დაწინაურდნენ. შეხვედრის დასრულებამდე 17 წუთით ადრე, მეტოქის ლელოში ბურთი გილომმაც დაამიწა და საკუთარი გუნდი რვა ქულით წინ გაიყვანა. რუმინელებმა გაიბრძოლეს და ზაჰარიას ლელოთი (68) სხვაობა შეამცირეს, თუმცა დარჩენილ დროში ესპანეთმა თავი კარგად დაიცვა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. საბოლოოდ, მასპინძლებმა ანგარიშით 21:18 იმარჯვეს.
ტურის პირველ შეხვედრაში რუსი „დათვები“ გერმანიას ესტუმრნენ და ტურნირის აუტსაიდერთან დაძაბულ ორთაბრძოლაში მოახერხეს გამარჯვების მოპოვება. პირველ ტაიმში რუსებმა მასპინძლებს ორი ლელო დაუდეს (დავიდოვი – 7, გაძიევი – 28), თავად კი ამდენივე ჯარიმა გაუშვეს. მსგავსი სცენარით წარიმართა მეორე ტაიმის პირველი 20 წუთიც – „დათვები“ კვლავ დომინირებდნენ და ამჯერად თავი მატვეევმა (44) და სიჩევმა (50) გამოიჩინეს. თამაშის ბედი თითქოს უკვე გადაწყდა, მაგრამ რუსებმა მაინც ინერვიულეს – მე-60 წუთის შემდეგ სტუმრები კუციამ და ლამერსმა თითო ლელო დადეს და ანგარიშში სხვაობა შეამცირეს. რუსეთის ნაკრებმა ბოლო წუთებზე დაცვაში კარგად ითამაშა და ანგარიშით 26:18 გაიმარჯვა.
„ბორჯღალოსნებმა“ ბელგიასთან სტუმრად მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, სატურნირო ცხრილში 13 ქულა დააგროვეს და პირველ ადგილზე არიან. მეორეადგილოსან რუსეთს 10 ქულა აქვს. „დათვებს“ ორი ქულით ჩამორჩება ესპანეთი, რომლებიც რუმინელებს ამდენივეთი უსწრებენ. ბელგიელებს ოთხი ქულა აქვთ, ბოლო ადგილზე მყოფ გერმანიას კი – მხოლოდ ერთი.