2018 წელს, ესპანეთში ქვეყნის სუპერთასი ერთმატჩიანი ფორმატით ჩაატარეს, თანაც უცხოეთში, კერძოდ, მაროკის ქალაქ ტანჟერში. საქმე ისაა, რომ ორი მატჩის გასამართად თავისუფალი თარიღი ვერ იპოვნეს, რადგან „ბარსელონა“ საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე თამაშობდა, „სევილია“კი ძალიან ადრე – მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაება ევროპის ლიგაზე.
გასულ სეზონში, „ბარსელონა“ ქვეყნის ჩემპიონიც გახდა და თასის მფლობელიც. ფინალში მან „სევილია“ 5:0 გაანადგურა. ამჯერად, ამ გუნდების დაპირისპირება გაცილებით დაძაბული გამოვიდა.
ანგარიში „სევილიამ“ გახსნა, მე-9 წუთზე პაბლო სარაბიამ მურიელის პასი გამოიყენა. ეს გოლი ისტორიული იყო. მსაჯებს დაეჭვდნენ, რომ ის თამაშგარედან გავიდა, ამიტომაც, VAR გამოიყენეს და ამის შემდეგ ჩათვალეს. ეს იყო ესპანურ ფეხბურთში პირველი შემთხვევა, რომ გოლი ვიდეორეფერის სისტემის გამოყენების შემდეგ დაფიქსირდა.
„სევილიამ“ მაინც ვერ მოახერხა პირველი ტაიმის მოგება. 43-ე წუთზე ლიონელ მესიმ ძელს მოარტყა და ჟერარ პიკემ დაამატა. მცველმა კატალონელთა მაისურით თავისი მე-40 გოლი გაიტანა.
თამაშის ბედი 77-ე წუთზე გადაწყდა, როცა მატჩის საუკეთესო მოთამაშემ უსმან დემბელემ მესისგან მოკლე პასი მიიღო და საჯარიმოს გარედან სუპერგოლი გაიტანა.
„სევილიას“ შეეძლო თამაში გადაერჩინა, როცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში პენალტის შესრულების უფლება მიიღო, მაგრამ მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ბენ იედერს აუღო 11-მეტრიანი.
„ბარსელონამ“ ბოლო 10 სეზონში მეცხრედ ითამაშა ესპანეთის სუპერთასზე და მეექვსედ გაიმარჯვა (2009, 2010, 2011, 2013, 2016 და 2018). სულ ეს ტიტული კატალონურ გრანდს 13-ჯერ აქვს მოგებული.
„ბარსელონამ“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
ტერ შტეგენი, სემედუ, პიკე, ლანგლე, ჟორდი ალბა, რაფინია (46. რაკიტიჩი), ბუსკეტსი, არტური (53. ფილიპე კოუტინიო), მესი, სუარესი, დემბელე (85. ა. ვიდალი).