ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი ახლა დღის წესრიგში არ დგას
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი ახლა დღის წესრიგში არ დგას

უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი ახლა დღის წესრიგში არ დგას, – ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა ესპანურ გამოცემა „ელ პაისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, უნდა დატოვოს თუ არა ალიანსმა უკრაინისთვის კარი ღია საშუალოვადიან პერიოდში, შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების შემდეგ, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი ახლა არ არის წამოწეული.

„მინდა, ნათლად განვაცხადო: თუ ვინმე ფიქრობს, რომ გაწევრიანების საკითხი იყო რუსეთის უკანონო აგრესიის ერთ-ერთი მიზეზი უკრაინაში, მაშინ ეს ასე არ არის. ეს დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია. მაგიდაზე არასდროს ყოფილა, არც ახლაა“, – აღნიშნა ესპანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

უკრაინაში კონფლიქტის შესაძლო მოგვარებაზე საუბრისას, კერძოდ, რუსეთის ფედერაციისთვის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დათმობების შესაძლებლობაზე, ალბარესმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დემოკრატიულად არჩეულმა უკრაინის მთავრობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც მას სწორად მიაჩნია.

29-30 ივნისს მადრიდში ნატო-ს სამიტი გაიმართება, რომლის დროსაც ალიანსმა ახალი სტრატეგიული კონცეფცია უნდა დაამტკიცოს. ლიდერები ასევე გეგმავენ, შეთანხმდნენ უკრაინის მხარდაჭერის ყოვლისმომცველ პაკეტზე.