ესპანეთის ნაკრებმა საქართველო დიდი ანგარიშით დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანეთის ეროვნულ გუნდს თბილისში უმასპინძლა და 1:7 დამარცხდა. ეს „ჯვაროსნებს“ ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება იყო.

 

ესპანელები A ჯგუფში 3 ქულით მეოთხე ადგილზე იყვნენ, ხოლო საქართველოს ეროვნული გუნდი 4 ქულით მეორე პოზიციაზე და ორივე გუნდს ქულები ჰაერივით სჭირდებოდა. თუმცა, ფავორიტად სტუმრები მიიჩნეოდნენ და სტატუსი საწყისი წუთებიდან გაამართლეს – ესპანელებმა ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვეს და ბურთს აკონტროლებდნენ, საქართველოს ნაკრები კი თითქმის მთელი შემადგენლობით დაცვაში იდგა და ბურთის ცენტრამდე ატანაც უჭირდა.

სტუმრების შეტევებმა შედეგი გამოიღო – მარკო ასენსიოს გადაცემით ალვარო მორატამ თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. ექვს წუთში კი ფაბიან რუისის დარტყმის შემდეგ საბა კვირკველიამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. 31-ე წუთზე ესპანელებმა მესამეც გაიტანეს, მაგრამ ვიდეორეფერიმ არ ჩათვალა. ორ წუთში გიორგი მამარდაშვილმა აშკარა გოლისგან გვიხსნა, მაგრამ დანი ოლმომ მესამე მაინც გაიტანა. მალე კი ესპანელებმა კვირკველიას შეცდომით ისარგებლეს – ფაბიან რუისმა ბურთი აართვა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა მორატამ დუბლი შეასრულა.

ჩაგდებული პირველი ნახევრის შემდეგ, ვილი სანიოლმა სამი ფეხბურთელი შეცვალა და შეტევების გასაძლიერებლად მოედანზე გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი და ანრი მექვაბიშვილი შემოიყვანა, ამან შედეგი მალე გამოიღო – გუნდმა აქტიურად შეუტია და ჩაკვეტაძემ ერთი გოლის გაქვითვა მოახერხა.

თუმცა, ესპანელებმა საქართველოს ნაკრების იერიშები მალევე ჩააცხრეს – სწრაფად გათამაშებული შეტევის შემდეგ მორატამ ჰეთთრიქი შეასრულა, თავი ნიკო უილიამსმაც გამოიჩინა, ხოლო ლამინე იამალი სადებიუტო გოლის ავტორი გახდა.

ოთხი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ოთხი ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო ესპანეთმა ექვსი ქულა მოაგროვა და მეორე პოზიციაზე გადავიდა. ვილი სანიოლის გუნდი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე შემდეგ შეხვედრას 12 სექტემბერს ნორვეგიის წინააღმდეგ ოსლოში გამართავს. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.