ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი - საქართველოსთან მატჩი მნიშვნელოვანია, შესარჩევი ეტაპი გამარჯვებით უნდა დავასრულოთ #1TVSPORT
ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ საქართველოსთან ევრო 2024-ის შესარჩევის ბოლო მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ თამაშზე ისაუბრა.
„ჩვენ ვდგავართ დიდი გუნდის აშენების გზაზე – მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით და ფეხბურთელებმა დიდი ძალისხმევა დახარჯეს, მოიგეს ერთა ლიგა და გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ ქება არ გვჭირდება, რადგან ეს გვადუნებს. იმედი მაქვს, რომ წარმატება ილუზიაში არ შეგვიყვანს და მთავარი მიზნისკენ მიმავალ გზას არ გადავუხვევთ.
ახლა ჩვენ საქართველოს წინააღმდეგ მატჩზე ვართ ფოკუსირებული და ხაზგასმით ვამბობ, შესარჩევი ეტაპი კიდევ ერთი გამარჯვებით უნდა დავასრულოთ. ჯგუფში ყველა თამაში ვერ მოვიგეთ, ერთი წავაგეთ და ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს, მაგრამ ფეხბურთელების დამოკიდებულებას უმაღლესი ქულებით შევაფასებდი.
ეს არის დიდი ამბიციების მქონე ფეხბურთელების გუნდი, რომელსაც ყოველდღე უფრო და უფრო მეტი წარმატების მიღწევა უნდა. ეს თამაშის გასაუმჯობესებლად შთამბეჭდავი წინაპირობაა. მე არ ვარ კონფორმისტი და მიმაჩნია, რომ ესპანეთის ნაკრებს კიდევ უფრო უკეთესად თამაშიც შეუძლია“, – განაცხადა ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.
საქართველოსა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს 19 ნოემბერს ვალიადოლიდში შეხვდებიან და ამ მატჩით ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლს დაასრულებენ. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 23:45 საათიდან შემოგთავაზებთ.