ესპანეთის ფუტსალის ნაკრების მწვრთნელი - საქართველოსთან გამოვცოცხლდით და ასეც გავაგრძელებთ #1TVSPORT
ესპანეთის ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთეს ევრო 2022-ის ბოლო ტურში საქართველოსთან შეხვედრაზე, რომელიც 8:0 მოიგეს და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს.
ფედერიკო ვიდალი, ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი: „ცხადია, დღეს უფრო ბედნიერები ვართ, ვიდრე აზერბაიჯანთან მატჩის შემდეგ. ყველა ასპექტში კარგად გამოვიყურებოდით და ეს შედეგშიც აისახა. ვფიქრობ, რომ ეს შესანიშნავი თამაში იყო. გამოვცოცხლდით და ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ასეც გაგრძელდება. თავიდანვე გამარჯვებისთვის გავედით და ზეწოლას არ ვგრძნობდით. ჩვენ მთელი მატჩი ვდომინირებდით. მეოთხედფინალში სლოვაკეთის წინააღმდეგ ძალიან რთული მატჩი გველის. ფავორიტები არ არიან არც ტურნირში და არც მატჩებში. თუ გამარჯვება გვინდა, ყველა მატჩი დიდი მონდომებით უნდა ჩავატაროთ“.
სერხიო ლოზანო, ესპანელი ფეხბურთელი: „წინა შეხვედრა აზერბაიჯანთან ფრედ 2:2 დავასრულეთ და ჩვენი თამაში ვერ ვაჩვენეთ. ვიცოდით, რომ დღეს ჯგუფის ფინალი იყო და ყველა თავიდანვე დავიხარჯეთ. ჩვენ არ გვინდოდა არავისზე დამოკიდებული ვყოფილიყავით და მივიღეთ ის შედეგი, რომელიც პირველ ადგილზე გასასვლელად გვჭირდებოდა. ჩვენ მეოთხედფინალში ვართ, რაც გვინდოდა. ესპანეთის გუნდი ამბიციას ავლენს. ახლა ჩვენ გვაქვს თამაში სლოვაკეთის წინააღმდეგ სამშაბათს, სადაც ვიცით, რომ ფავორიტები ვართ, მაგრამ მათ არაფერი აქვთ დასაკარგი“.
საქართველოს ნაკრები დიდი ანგარიშით დამარცხდა, მაგრამ „დ“ ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და მეოთხედფინალში ითამაშებს, სადაც „ც“ ჯგუფის გამარჯვებულს, რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელიც წინა ჩემპიონატზე მესამე ადგილზე გავიდა – შეხვედრა პირველ თებერვალს ამსტერდამის „ზიგო დომეში“ გაიმართება.