ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია შეუძლებლად მიიჩნევს ბილბაოში ევრო 2020-ის მატჩებზე მაყურებლის დაშვებას #1TVSPORT
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა განცხადება ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის დროს ბილბაოს „სან მამესის“ სტადიონზე მაყურებლების დაშვებასთან დაკავშირებით. ფედერაციაში შეუძლებლად მიაჩნიათ ბილბაოში მატჩების გულშემატკივრების თანდასწრებით გამართვა.
ბასკეთის ქვეყნის მთავრობის მოთხოვნების შესაბამისად, ფანებს იმ შემთხვევაში დაუშვებენ ტრიბუნებზე, თუ 14 ივნისამდე მოსახლეობის 60 პროცენტს ექნება გავლილი ვაქცინაცია ან რეგიონის მოსახლეობაში კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელი არ იქნება ორ პროცენტზე მაღალი. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში ამ პირობებს შეუსრულებელს უწოდებენ.
ახლა, ჯერი უეფას გადაწყვეტილებაზე იქნება. ფედერაციის განცხადებაში ისიც წერია, რომ ორგანიზაცია არ იღებს პასუხისმგებლობას იმ ვერდიქტზე, რომელსაც უეფა გამოიტანს.
2020 წლიდან 2021-ში გადატანილი ევრო 2020 11 ივნისიდან 11 ივლისამდე გაიმართება.