ესპანეთის ფეხბურთელთა პროფკავშირის პრეზიდენტი მექრთამეობაშია ეჭვმიტანილი
ესპანეთის ფეხბურთელთა პროფკავშირის პრეზიდენტი მექრთამეობაშია ეჭვმიტანილი

ესპანეთის ფეხბურთელთა ასოციაციის (AFE) პრეზიდენტი დავიდ აგანსო მექრთამეობაშია ეჭვმიტანილი.

მის წინააღმდეგ ბრალდებით ესპანეთის მესამე და მეოთხე დივიზიონების დირექტორი ანტონიო საის ჩეკა გამოვიდა, რომელმაც ასევე აღიარა, რომ თავადაც მონაწილეობდა ფინანსურ მაქინაციებში, მაგრამ ამას აგანსოს ზემოქმედებით აკეთებდა.

საისის თქმით, AFE-ს ხელმძღვანელმა ესპანეთის საგადასახადო ინსპექციის თანამშრომელს გარკვეული დოკუმენტაციის მისაღებად სამი ათასი ევროს ოდენობის ქრთამი მისცა. ვალენსიას პროკურატურამ საქმის მასალების შესწავლა უკვე დაიწყო.

39 წლის აგანსომ სოციალური ქსელის მეშვეობით ყველა ბრალდება უარყო.

„რაც შეეხება გაზეთებში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, ის სრული სიცრუეა. ჩემი მუშაობა მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ მოთამაშეების ინტერესების დასაცავად. და მე დავიცავ ჩვენს ღირსებას ყველანაირი შემოტევისგან“, – დაწერა მან „ტვიტერში“.

აგანსო ადრე პროფესიონალი ფეხბურთელი იყო და ესპანეთის ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია.