ესპანეთის ჩემპიონატში, შესაძლოა, მეორე ქართველიც გამოჩნდეს - გაგუას „ალავესი“ ლა ლიგაში დაწინაურდა #1TVSPORT
ესპანეთის ჩემპიონატში, შესაძლოა, მეორე ქართველიც გამოჩნდეს - გაგუას „ალავესი“ ლა ლიგაში დაწინაურდა #1TVSPORT

ესპანეთში საფეხბურთო სეზონი პლეიოფის მატჩებით დასრულდა და ცნობილი გახდა, რომ ლა ლიგის საგზური „ალავესმა“ მოიპოვა, რომელსაც გიორგი გაგუას ტრანსფერი ეკუთვნის, თუმცა სეზონის დაწყებამდე  ის სათამაშო პრაქტიკის მისაღებად „რეალ უნიონში“ გაუშვა.

ლა ლიგა 2-ში „ალავესმა“ სეზონი მეოთხე ადგილზე დაასრულა და პლეიოფში მესამეადგილოსან „ლევანტეს“ შეხვდა, სადაც კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ქოჩორაშვილი ირიცხება, რომელიც ტრავმის შემდეგ ფორმის აღდგენის მიზნით რანგით მესამე ლიგის „კასტელონში“ თამაშობდა.

პირველი შეხვედრა „ალავესმა“ საკუთარ მოედანზე 0:0 დაასრულა. საპასუხო მატჩს „ლევანტემ“ უმასპინძლა და ძირითადი დრო კვლავ 0:0 დასრულდა. დამატებითი დრო მთავრდებოდა, როდესაც 120+9-ე წუთზე სტუმრებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც ვილალიბრემ ზუსტად შეასრულა და „ალავესს“ ლა ლიგის საგზური მოუტანა.

ჯერ უცნობია, სეზონის ბოლოს მთავარ ესპანურ ლიგაში აღზევებული „ალავესი“ დაიბრუნებს თუ არა გიორგი გაგუას, რომელიც ამჟამად საქართველოშია და 21-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება.