ესპანეთის ჩემპიონატში მარტის საუკეთესოდ საქართველოს ნაკრების ორი წევრი აღიარეს - შერმადინი და მაკფადენი [ვიდეო] #1TVSPORT
ესპანეთის ჩემპიონატში მარტის საუკეთესოდ საქართველოს ნაკრების ორი წევრი აღიარეს - შერმადინი და მაკფადენი [ვიდეო] #1TVSPORT

იშვიათი მოვლენა დაფიქსირდა ესპანეთის ჩემპიონატის მარტის საუკეთესო კალათბურთელის შერჩევისას – ორ მოთამაშეს სარგებლიანობის თანაბარი მაჩვენებელი დაუფიქსირდა (25,5) და MVP-ის ტიტული გაიყო. საინტერესო კი ის არის, რომ ერთიც და მეორეც საქართველოს ნაკრების წევრია – გიორგი შერმადინი და თად მაკფადენი.

 

შერმადინი ამ სეზონში უკვე მესამედ დასახელდა (მანამდე ოქტომბერში და იანვარში) თვის მოთამაშედ. მარტში 216 სმ სიმაღლის ქართველ ცენტრს საუკეთესო მატჩი 28-ე ტურში ჰქონდა, როდესაც „ვალენსიასთან“ 21 ქულას 7 მოხსნა მიამატა, მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 32-ს მიაღწია.

მარტში შერმადინის საშუალო სტატისტიკა ასეთი იყო:

17,5 ქულა, 4,5 მოხსნა, 2,0 პასი, 1 დაფარება, 25,5 მქკ.

 

თად მაკფადენი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესოდ პირველად აღიარეს. მისმა „ბურგოსმა“ ამ თვეში ორი მატჩი მოიგო, რაშიც საქართველოს ნაკრების უკანახაზელის დიდი წვლილი იყო.

თადი შეუდარებელი იყო „უნიკახასთან“ მატჩში (101:93), რომელშიც 28 წუთი ითამაშა, 26 ქულა ჩააგდო (9-დან 6 სამქულიანი), 9 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა, მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 33 ჰქონდა.

მაკფადენის საშუალო მონაგარი მარტში:

23,0 ქულა, 1,0 მოხსნა, 5,5 პასი, 25,5 მქკ.