საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის „ბ“ ჯგუფის მე-5 ტურში ბადახოსის „ესტადიო ნუევო ვივეროზე“ ესპანეთს ესტუმრა და დიდი ანგარიშით დამარცხდა.
კოსოვოსთან მტკივნეული მარცხის (0:1) შემდეგ ვილი სანიოლის გუნდს რეაბილიტაციას სურდა. საამისოდ, მან შემადგენლობა რადიკალურად შეცვალა. კარში ისევ გიორგი ლორია დატოვა, მაგრამ თერთმეტეულში აღარ მოხვდა გიორგი წიტაიშვილი, რომელიც ლორიასთან ერთად, კოსოვოსთან შეხვედრაში გამორჩეული იყო. ცენტრალურ მცველად პირველად დააყენა ლუკა ლოჩოშვილი, რომელმაც დათა ხოჭოლავა ჩაანაცვლა.
შეიცვალა დაცვის მარცხენა ფლანგი და გურამ გიორბელიძე შემადგენლობაში დააბრუნა, მაგრამ ირაკლი აზაროვი შეტევაში აწია. იგივე იყო ცენტრალური ნახევარმცველების წყვილი, ფრანგმა მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში ბათუმის „დინამოს“ საყრდენი და შემტევი ნახევარმცველები, ლადო მამუჩაშვილი და გიორგი ზარია პირველად დააყენა, ცენტრალური თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია კი საბა ლობჟანიძეს უნდა შეეცვალა, მაგრამ გახურებაზე ისევ დაშავდა და მოედანზე ზურიკო დავითაშვილი გავიდა, რომელიც 4-5-1 განლაგებაში მარჯვენა ფლანგზე დადგა, ცენტრალურ თავდამსხმელად კი ზარია მოგვევლინა, რომელსაც ამ პოზიციაზე არასოდეს უთამაშია.
ეს შემადგენლობის გაუაზრებელი ცვლილება იყო, რადგან მოედანზე აშკარად შეუთამაშებელი თერთმეტეული გავიდა, თამაშმაც აჩვენა. გუნდი სრულად მოშლილი იყო, არანაირი ბრძოლა და კომბინაციები, „ჯვაროსნები“ მხოლოდ ბურთის მოგერიებაზე თამაშობდნენ.
ესპანეთის ნაკრები თავიდანვე დიდ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, ბურთს აკონტროლებდა და ანგარიში სწრაფად გახსნა. მე-14 წუთზე ხოსე გაიას დარტყმულ ბურთს გურამ კაშია გადაეფარა და საკუთარ კარში ჩაჭრა. ესპანელები ფლობდნენ ბურთს, ჩვენები კი ვერაფერს ახერხებდნენ და 25-ე წუთზე მარკოს ლორენტეს ფლანგური გადაცემის შემდეგ კარლოს სოლერმა საქართველოს ნაკრების კარი მეორედ აიღო. ტაიმის მიწურულს დააახლოებით ანალოგიური შეტევის შემდეგ და ისევ მარკოს ლორენტეს გადაცემით მესამე გოლი უკვე ფერან ტორესმა გაგვიტანა.
საქართველოს ნაკრები ბურთის ამოტანას მოედნის ნახევრამდეც ვერ ახერხებდა – მერე ბურთს კარგავდნენ და ჩვენები ლამის ესპანელების თამაშის მაყურებლის როლში იყვნენ. ვითარება ოდნავ მეორე ტაიმში შეიცვალა. პირველი რეალური მომენტი მატჩის განახლებისთანავე ზუკა დავითაშვილმა შექმნა – მარჯვენა ფლანგზე კარგად ითამაშა და კარში დარტყმული მეკარე უნაი სიმონმა მოიგერია. მალე კი ირაკლი აზაროვმა გაისროლა და ესპანელების კიპერმა ისევ საიმედოდ ითამაშა.
63-ე წუთზე ისევ ზურიკო დავითაშვილმა გაამწვავა, მისი დარტყმული მეკარე უნაი სიმონმა ცუდად მოიგერია, მაგრამ ვითარება მაინც განმუხტა. ესპანელებმა შეტევა წამოიწყეს, რომელიც პაბლო ფორნალის გადაცემის შემდეგ პაბლო სარაბიამ ზუსტი დარტყმით და მეოთხე გოლით დაასრულდა.
საქართველოს ნაკრების უსაქმოდ დატოვებულ შეტევას გიორგი მიქაუტაძემ ცოტა მეტი სიმწვავე შემატა. მან შექმნა ქართველებიდან ყველაზე რეალური საგოლე მომენტი, როდესაც მისი დარტყმის შემდეგ ესპანელები ჯერ სიმონმა გადაარჩინა, მერე – ძელმა, დამატებაზე კი ვაკო ყაზაიშვილმა ვერ გაიტანა. გაუგებარია, ბელგიის ლიგის თავდამსხმელს ორ მატჩში მხოლოდ ტაიმს ათამაშებენ. ბურთს ოდნავ უკეთ იჭერდნენ ვაკო ყაზაიშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე, მაგრამ საბოლოოდ, ესპანეთმა 4:0 მოიგო.
წლებია, საქართველოს ნაკრები გულშემატკივარს გულს სტკენს – ბევრი ცუდი თამაში გვახსოვს, მაგრამ მსგავსი სუსტი და ბრძოლისუნარიანობას მოკლებული გუნდი, რაც ბოლო ორ შეხვედრაში ვიხილეთ, ძნელი გასახსენებელია.
ესპანეთი-საქართველო 4:0
გოლები: 1:0 კაშია (14. ავტოგოლი), 2:0 სოლერი (25. ლორენტეს პასით), 3:0 ტორესი (42. ლორენტეს პასით), 4:0 სარაბია (63. ფორნალსის პასით)
05.09.2021. ბადახოსი. „ესტადიო ნუევო ვივერო“. 8 000 მაყურებელი
ესპანეთი: სიმონი (74. სანჩესი) – ასპილიკუეტა, ე. გარსია (60. მერინო), ლაპორტი (46. ალბიოლი), გაია (74. მენდესი) – სოლერი, როდრი, ლორენტე – სარაბია, რუისი, ტორესი (60. ფორნალსი)
მთავარი მწვრთნელი: ლუის ენრიკე
საქართველო: ლორია – ჩაბრაძე, კაშია, ლოჩოშვილი, გიორბელიძე (76. კაკაბაძე) – კანკავა, აბურჯანია (69. ალთუნაშვილი) – დავითაშვილი (69. ჩაკვეტაძე), მამუჩაშვილი, აზაროვი (57. ყაზაიშვილი) – ზარია (57. მიქაუტაძე)
მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი
მთავარი არბიტრი: ტიაგუ მარტინში (პორტუგალია)
მსაჯის ვიდეოასისტენტი: ლუის გოდინიო (პორტუგალია)
გაფრთხილებები: კაშია (69), ჩაბრაძე (82)