დრამატული გამოდგა დღევანდელი მატჩები B ჯგუფში, სადაც პორტუგალია ირანს ხვდებოდა, ხოლო ესპანეთი – მაროკოს. მაროკო მიმდინარე ტურნირზე უკვე უშანსოდ იყო დარჩენილი და მხოლოდ პრესტიჟისთვის თამაშობდა, დანარჩენ სამ გუნდს კი მერვედფინალში გამსვლელი ორი ადგილი უნდა გაენაწილებინა.
პირველი ტაიმის შემდეგ პორტუგალია ირანს 1-0 უგებდა, ხოლო ესპანეთისა და მაროკოს მატჩში ფრე 1-1 ფიქსირდებოდა. მეორე ტაიმში მსაჯმა ირანის კარში პენალტი დანიშნა, მაგრამ კრიშტიანუს დარტყმული მეკარემ მოიგერია, მეორე მატჩში კი, როდესაც საფინალო სასტვენამდე ათიოდე წუთი რჩებოდა, მაროკომ მეორე გოლი გაიტანა და წინ გავიდა.
ასეთ ვითარებაში ჯგუფში პირველ ადგილზე პორტუგალია გადიოდა, ხოლო მეორეზე – ესპანეთი.
თუმცა, ყველაფერი მსაჯების მიერ დამატებულ წუთებზე შეიცვალა: ესპანეთმა 91-ე წუთზე შეძლო ანგარიშის გათანაბრება: თავდაპირველად მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა, მაგრამ ვიდეოგამეორებაზე გამოჩნდა, რომ ოფსაიდი არ იყო და გადაწყვეტილება შეიცვალა – 2-2.
სწორედ იმ წამს, როდესაც მსაჯმა ცენტრისკენ გაიშვირა ხელი და ესპანეთის გოლი ჩათვალა, პორტუგალია-ირანის მატჩში არბიტრმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა ირანის სასარგებლოდ და ქარიმ ანსარიფარდმა შანსი ხელიდან არ გაუშვა. ახლა უკვე ესპანეთი გადავიდა პირველ ადგილზე, პორტუგალია კი მეორეზე.
არც ამით დასრულდებოდა ყველაფერი, ირანელ ღოდოსს რომ სულ ბოლო წამებზე ძალიან ხელსაყრელი მომენტი გამოეყენებინა. ასეთ შემთხვევაში ირანი გავიდოდა პირველ ადგილზე, ხოლო ესპანეთი მეორეზე და პორტუგალია მერვედფინალს მიღმა დარჩებოდა.
თუმცა, ასეთი სასწაული აღარ მოხდა და მერვედფინალში ესპანეთი რუსეთს შეხვდება, პორტუგალია კი ურუგვაის.