რუმინელებმა ანთიმოზ ივერიელის თასი და რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტული დათმეს, თუმცა დღევანდელი დღე მათ მაინც კარგად გაახსენდებათ.
ესპანეთს ბელგიასთან სტუმრად მოგება სჭირდებოდათ და ისინი 2019 წლის მსოფლიო თასზე გადათამაშების გარეშე, პირდაპირ ხვდებოდნენ. წლევანდელი ტურნირის შედეგებიდან გამომდინარე “ლომებს” ბელგიელთა დამარცხება არ უნდა გასჭირვებოდათ. მათ რუსები, რუმინელები და გერმანია დაამარცხეს და პრაქტიკულად განაღდებული ჰქონდათ მსოფლიო თასზე თამაში.
ბელგიასთან ესპანელებმა მძიმედ დაიწყეს, ხშირად ჯარიმდებოდნენ და მასპინძლებს კომფორტული უპირატესობის მოპოვების საშუალება მისცეს. 70-ე წუთისათვის ბელგიელები 15:0-ს იგებდნენ.
ბოლო ათ წუთში “ლომებმა” მოინდომეს, მეტოქეს გარდასახული ლელო დაუდეს და ჯარიმა გაიტანეს, თუმცა 78-ე წუთზე რაქში დაჯარიმდნენ, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა. ბელგიელებმა ჯარიმა კვლავ ზუსტად დაარტყეს და საბოლოო ჯამში 18:10 მოიგეს.
ყველაზე საინტერესო მოვლენები კი მატჩის შემდგომ განვითარდა, როდესაც ესპანელი მორაგბეებმა მსაჯისკენ გაიწიეს და აგრესიულად იქცეოდნენ. არც იმ ფაქტის დავიწყება ღირს, რომ მატჩის სამივე არბიტრი რუმინელი იყო, რაც საკმაოდ უცნაურია, რადგან ესპანელთა მარცხი სწორედ რუმინეთს აწყობდა.
საბოლოო ჯამში მსოფლიო თასზე რუმინეთი გავიდა, ხოლო ესპანელებს კი ჯერ “იბერიული დერბი” მოუწევთ პორტუგალიელებთან, შემდეგ კი სამოასთან თამაში. თუკი “ლომები” სამოას ვერ გაცდებიან, მსოფლიო თასზე მოხვედრის ბოლო შანსს კანადასთან მიიღებენ.