ეს უეფა-ს მხრიდან ჩვენი ქვეყნის აღიარებაა - ორგანიზაციამ საქართველოში მწვრთნელთა განათლება შეაფასა და დააფასა #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა განათლება უეფა-მ შეაფასა. ორგანიზაციის განვითარების, ტექნიკური კომიტეტისა და ჟირა პანელის გადაწყვეტილებით, საქართველოში მიღებული C ლიცენზია უეფა-ს მწვრთნელთა განათლების კონვენციის სრულ შესაბამისობაშია.
მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი უეფა-ს მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან სრულ შესაბამისობაში 2018 წლიდან მოვიდა და საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა. უეფა-ს შეფასებაზე კომენტარი სფფ-ის ტექნიკურმა დირექტორმა, ზაზა ზამთარაძემ გააკეთა.
„ეს უეფა-ს მხრიდან ჩვენი ქვეყნის აღიარებაა. უეფა-ს ჟირა პანელის წევრის, კრის ვან დერ ჰააგენისა და სფფ-ის მწვრთნელთა განათლების მიმართულების ხელმძღვანელის, ვასილ მაისურაძისა და მენეჯერის, გიორგი გეგუჩაძის აქტიური თანაშრომლობის შედეგად, მოხდა ჩვენს მიერ ორგანიზებული კურსების შეფასება და ჩვენს მიერ გამართული უეფა-ს C ლიცენზიის კიდევ ერთხელ აღიარება, რისთვისაც მათ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო“, – ამბობს ზაზა ზამთარაძე,
სფფ-ის ტექნიკურმა დირექტორმა ყურადღება მწვრთნელთა განათლების სფეროში საქართველოს წინსვალზე გაამახვილა:
„უკვე რამდენიმე წელია, საქართველო უეფა-ს მწვრთნელთა განათლების კონვენციის წევრია და ჩვენ მწვრთნელთა განათლების ყველა საფეხურის საქართველოში ჩატარების უფლება გვაქვს. აქ მიღებულ ლიცენზიას საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს. მათ შორის, აღსანიშნავია, რომ ქართველ სპეციალისტებს საშუალება აქვთ მწვრთნელთა განათლების უმაღლეს საფეხურს, PRO ლიცენზიას დაეუფლონ. კურსები უეფა-ს ჩართულობით ჩვენი სპეციალისტების მიერ იმართება“.
ზამთარაძემ უეფა-ს C ლიცენზიის სწავლების მნიშვნელობაზეც ისაუბრა:
„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის აღნიშნული მიმართულების გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტია. ეს პროცესი მნიშვნელოვანია ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის. ჩვენ ნამდვილად გვჭირდება შესაბამისი ლიცენზიის მქონე, კვალიფიციური მწვრთნელები საქართველოში“.