ეს თავიდან ბოლომდე ზივზივაძის გოლი იყო - კვარაცხელიამ გულშემატკივრებსა და თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა #1TVSPORT
ეს თავიდან ბოლომდე ზივზივაძის გოლი იყო - კვარაცხელიამ გულშემატკივრებსა და თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო, მატჩის შემდეგ მოკლე კომენტარი გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ გუნდი 10-მატჩიან წარმატებულ სერიას გააგრძელებს.

„უპირველესად, მივულოცავ თითოეულ ქართველ გულშემატკივარს და ბიჭებს – თითოეულმა დღეს ძალიან დიდი შრომა გაწია, რომ 3 ქულა აგვეღო და ჯგუფში პირველი ადგილი ოფიციალურად მოგვეპოვებინა.

როგორც შეატყვეთ, ძალიან რთული თამაში იყო – ალბათ, ის ხალისი არ იყო, რაც ჩვენ და მწვრთნელს გვინდოდა. მაგრამ მთავარია, რომ გავიმარჯვეთ, 3 ქულა მოვიპოვეთ და მიზანს მივაღწიეთ. ძალიან გახარებულები ვართ.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო სავსე „დინამო არენა“, გულშემატკივრები 90 წუთის განმავლობაში არ გაჩერებულან და მათ თითოეული ფეხბურთელის სახელით ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, რადგან ძალიან გვამხნევებდნენ და დღევანდელი გამარჯვება დაიმსახურეს.

რაც შეეხება გუნდურობას, მეორე გოლზეც დაინახეთ, ბუდუმ (ზივზივაძემ) როგორი გადაცემა გააკეთა – მსგავს პასს ასეთ მომენტში ძალიან ცოტა თავდამსხმელი თუ გააკეთებს. ძალიან დიდი მადლობა ბუდუს, რადგან ეს თავიდან ბოლომდე მისი გოლი იყო. ჩემი აზრით, ეს არის გუნდურობა როგორც სტადიონზე, ასევე მის გარეთ. ამით ძალიან მოხარულები ვართ.

ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ და წინ მივიწევთ. დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის. წინ დიდი გამარჯვებისკენ. აბა, თქვენ იცით“, – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.

ხვიჩა კვარაცხელიამ ერთა ლიგის მეხუთე შეხვედრაში, რომელიც საქართველოს ნაკრებმა 2:0 მოიგო, ორივე გოლში გამორჩეული როლი ითამაშა – პირველი გოლი მისი დარტყმის შემდეგ გავიდა, ბურთი სტუმართა მოთამაშეს მოხვდა და ბადეში შეგორდა. მეორე გოლი კი ბუდუ ზივზივაძის შესანიშნავი თამაშის და გადაცემის შედეგად გაიტანა.

5 ტურში ხვიჩა კვარაცხელიამ 4 გოლი გაიტანა და C დივიზიონის ბომბარდირთა დავაში თურქეთის ნაკრების მოთამაშეს, სერდარ დუსუნს გაუთანაბრდა.

ერთა ლიგის C დივიზიონის მეოთხე ჯგუფის მოგებით, საქართველოს ნაკრებმა B დივიზიონის საგზური მიიღო. ამ გამარჯვებით ჩვენმა გუნდმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.