ეს სისულელე იყო - ემილიანო მარტინესი ფინალის შემდეგ უხამს ჟესტზე #1TVSPORT
ეს სისულელე იყო - ემილიანო მარტინესი ფინალის შემდეგ უხამს ჟესტზე #1TVSPORT

არგენტინის ნაკრებისა და „ასტონ ვილას“ მეკარემ ემილიანო მარტინესმა გაიხსენა ეპიზოდი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ, როცა მან საუკეთესო მეკარისთვის განკუთვნილი პრიზი საზარდულზე მიიდო და უხამსი ჟესტი გამოსახა.

„ეს დიდი სისულელე იყო. ეს არის ერთადერთი, რის გამოც არ ვამაყობ“.

მარტინესმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზეც ილაპარაკა და განაცხადა, რომ საფრანგეთთან მატჩში საუკეთესო არა ლიონელ მესი, არამედ ანხელ დი მარია იყო.

„ჩვენ გუნდურად გავხდით მსოფლიო ჩემპიონები. ბევრი ჩვენთაგანისთვის ეს პირველი ჩემპიონატი იყო. ცხადია, რომ მესი გვეხმარებოდა ყოველ მატჩში. ვეუბნებოდით მას, აღარ მოეგო მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზი და რაღაც ღარიბებისთვისაც დაეტოვებინა (იცინის).

ანხელ დი მარია, რომელსაც ნახევარფინალში არ უთამაშია, ფინალში ჩვენი საუკეთესო მოთამაშე იყო. როცა ის მინდვრიდან გადიოდა, შინაგანად ტაშს ვუკრავდი მას, რადგან, ჩემი აზრით, მან მოგვიტანა გამარჯვება.

დიახ, მიმაჩნია, რომ ანხელიტო ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ფინალში. მან ეს „მარაკანაზე“ (კოპა ამერიკას ფინალში) და „უემბლიზეც“ (ფინალისიმაში იტალიის წინააღმდეგ) გააკეთა. და მე მუდმივად მისი მადლიერი ვიქნები იმისთვის, თუ როგორ ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში“.

გარდა ამისა, არგენტინელმა აზრი გამოთქვა ფიფა-ს ვერსიით საუკეთესო მეკარის ნომინაციაზე. ის ამ პრიზის მოპოვების კანდიდატია ტიბო კურტუასთან და იასინ ბუნუსთან ერთად.

„არ ვიცი, არ ვიცი. მე ველაპარაკე ლიონელ მესისა და ლიონელ სკალონის და გავარკვიე, რომ ისინი გაემგზავრებიან ცერემონიაზე. ამიტომ მეც იქ ვიქნები. მე უკვე მოვიგე ყველაზე დიდი ტიტული, რაც კი ფეხბურთში არსებობს. როგორც არგენტინელს, არ შემიძლია მეტი მოვითხოვო. თუ მოვიგებ, კარგი იქნება, თუ არა – განსაკუთრებული არაფერი მოხდება.

იმედია, ყველანი ავიღებთ პრიზებს. ეს ძალიან სასიამოვნო იქნება. თუ არ ვცდები, ასეთი რამ პირველად მოხდება. ძალიან მინდა, რომ მესი საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს, ხოლო სკალონი – საუკეთესო მწვრთნელი. ჩემთვის სულ ერთია, მოვიგებ თუ არა.

პრიზი The Best – ინდივიდუალური ჯილდოა, ჩემთვის კი სიამაყის მთავარი საბაბი გახდა ის, რომ ჩემი წყალობით ბევრმა ბავშვმა გადაწყვიტა მეკარე გამხდარიყო. ყველაფერზე უარს ვიტყოდი, რათა ეს ბიჭები და მთელი არგენტინა ბედნიერი იყოს. დღეს ვიცი, რომ ბევრი ბავშვისთვის კერპი გავხდი, მათ სურთ მეკარეები გახდნენ და ეს მაიძულებს გავაგრძელო მუშაობა და სრულყოფა.

ლაპარაკია არა მხოლოდ ფეხბურთზე, არამედ იმაზე, რომ ბავშვები არ მივიდნენ ნარკოტიკებამდე და ჩამოშორდნენ ქუჩას. მათი სურვილი – გახდნენ პროფესიონალი ფეხბურთელები, დაეხმარება ქვეყანას“.

გარდა ამისა, მარტინესმა თავის მომავალ მიზნებზე ილაპარაკა.

„რა თქმა უნდა, მინდა გავაგრძელო არგენტინის ნაკრებში თამაში და ვცადო უფრო მეტის მიღწევა. როცა მსოფლიო ჩემპიონი ხდები, კიდევ უფრო რთულია თამაში, რადგან ყველას სურს ჩემპიონის დამარცხება. უნდა გავაგრძელოთ იმის დემონსტრირება, რატომ გავხდით ჩემპიონები და ეს დიდი გამოწვევა იქნება ჩვენთვის.

მინდა ტიტული მოვიგო „ასტონ ვილასთან“ ერთად, რომელსაც დიდი ხანია არაფრისთვის მიუღწევია. მე უკვე ყველაფერი მოვიგე ნაკრებში. ახლა ეს კლუბთან ერთად უნდა გავაკეთო“.