ეს სირცხვილზე უარესი იყო - რუსეთის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა „ლოკომოტივის“ მოგებაზე ილაპარაკა
ეს სირცხვილზე უარესი იყო - რუსეთის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა „ლოკომოტივის“ მოგებაზე ილაპარაკა

რუსეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა სერგეი კირიაკოვმა თბილისის „ლოკომოტივთან“ ევროპალიგაზე თავისი ყოფილი კლუბის, მოსკოვის „დინამოს“ წაგებაზე მკვეთრი განცხადება გააკეთა (1:2).

„სირცხვილი? უფრო უარესიც იყო და გაცილებით მკაცრ სიტყვას ვიხმარდი. სირცხვილი არის ყველაზე რბილი რამ, რაც შეიძლება ითქვას. ქართული ფეხბურთისადმი ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ეს გუნდი („ლოკომოტივი“) რუსეთის პირველი ლიგის დონისაა. არ შეიძლება თამაში ასეთი განწყობით, ისეთი ტემპით, როდესაც მოთამაშეები არ იბრძვიან და ბურთს მარტივ ვითარებაში კარგავენ,“ – ამბობს სერგეი კირიაკოვი.

მან მოსკოველთა მარცხენა მცველის ცუდ თამაშზეც ილაპარაკა, რომელიც თბილისელთაგან საუკეთესომ, თორნიკე კირკიტაძემ აშკარად დაჩაგრა.

„ჩანდა, რომ ჩვენმა მარცხენა მცველმა გოლის დროს მეტოქეს თავისუფალი სივრცე დაუტოვა. საერთოდ, მასპინძელთა მარჯვენა ფლანგის შემტევი (თორნიკე კირკიტაძე) მას სიჩქარით მუდმივად უგებდა. ასე არ შეიძლება. ამ შეხვედრამ ბევრი კითხვა გააჩინა, რაც ძალიან საწყენია. გუნდი საშინლად გამოიყურებოდა,“ – თქვა კირიაკოვმა გამოცემა „ჩემპიონატთან“ ინტერვიუში.