ეს რთული პერიოდი უნდა გადავლახო - ბათუმის „დინამოს“ ახალწვეული ლუკა ქაფიანიძე რეაბილიტაციას ასრულებს #1TVSPORT
ლუკა ქაფიანიძე ბათუმის „დინამოში“ ქუთაისის „ტორპედოდან“ გადავიდა, მაგრამ 22 წლის ცენტრალური მცველი ჯერ შეკრებაზე არ არის. საქართველოს ჩემპიონის 22 წლის ახალწვეული ტრავმირებული იყო და რეაბილიტაციას ასრულებს. ამის შესახებ ქაფიანიძემ საქართველოს პირველ არხთან ისაუბრა.
„მენისკისა და ჯვარედინი იოგების ოპერაცია გავიკეთე. ახლა რეაბილიტაციას გავდივარ. ბათუმის „დინამოს“ მეორე შეკრებაზე ჯერ ვერ გავყვები. გუნდი საქართველოში 15 თებერვალს დაბრუნდება და ვარჯიშებს ბათუმში ნელ-ნელა დავიწყებ. სრული დატვირთვით თვე-თევნახევარში ვივარჯშებ და სავარაუდოდ, სათამაშოდ მზად სამ თვეში ვიქნები. არ მინდა ვიჩქარო და რეაბილიტაცია წყალში ჩავყარო. ბათუმის „დინამოს“ კარგი პირობები აქვს, სადაც რეაბილიტაცია გამიადვილდება“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ლუკა ქაფიანიძემ.
„დინამო თბილისის“ აღზრდილმა ახალგაზრდა მცველმა პირველი სეზონი მაღალ დონეზე 2021 წელს ქუთაისის „ტორპედოში“ ჩაატარა – მაშინ ელიგის ვებგვერდმა მეორე წრის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა და ბათუმის „დინამოს“ მწვრთნელი, გია გეგუჩაძე დაინტერესდა. ლუკა იმედოვნებს, რომ მოედანს მალე დაუბრუნდება.
„ტრავმა იმ დროს მივიღე, როდესაც ფორმის პიკში ვიყავი და რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ამხელა პაუზა რთული გადასატანია. ბათუმის „დინამოში“ ჩემს პოზიციაზე გამოცდილი აზაცკი და რეხვიაშვილი თამაშობენ. ახლა ძალიან კარგი განელი მცველიც დავიმატეთ და შემადგენლობაში მოსახვედრად დიდი კონკურენციაა . ტრავმის შემდეგ კი შემადგენლობაში მოსახვედრად მონდომება ორმაგად მ დამჭირდება, მაგრამ ფეხბურთში იოლი არაფერია. ეს ჩემი პროფესიის ნაწილია და რთული პერიოდი უნდა გადავლახო“, – ამბობს ქაფიანიძე.