ეს იქნება ყველაზე დიდი ტრანსფერი - სლუცკიმ კვარაცხელიას მომავალზე მიანიშნა #1TVSPORT
ლეონიდ სლუცკიმ მიანიშნა, რომ შესაძლაო, უახლოეს პერიოდში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი განხორციელდეს. ამის შესახებ ყაზანის „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა „მატჩ პრემიერის“ თასზე „სოჭისთან” მარცხის (1:3) შემდეგ „მატჩ ტვ“-სთან განაცხადა.
ლეონიდ სლუცკიმ ნორვეგიელი მცველის, კარლ სტარფელტის შოტლანდიურ გრანდ „სელტიკში” ტრანსფერთან (5 მილიონ ევროდ გადავიდა) დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, მაგრამ უფრო საინტერესო იყო მინიშნება, რომელიც ამას მოაყოლა.
„სტარფელტის წასვლა? ეს ფეხბურთის კანონია. თუ კლუბისთვის მომგებიანი და საინტერესო წინადადებაა, იძულებულები ვართ, დავთანხმდეთ. რა თქმა უნდა, ეს ჩვენს გეგმებს რევს, მაგრამ ასეთი ვითარებისთვის ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ. გამორიცხული არ არის, ზაფხულში კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დაგვტოვოს და ეს თუ მოხდა, დიდი ტრანსფერი იქნება“, – განაცხადა სლუცკიმ.
გამოცემა „ჩემპიონატმა“ კი გამოაქვეყნა წერილი რუსეთის პრემიერლიგის იმ მოთამაშეებზე, რომლებიც ამ ლიგისთვის გადაზრდილები არიან და უნდა წავიდნენ.
„ხვიჩა კვარაცხელია – „რუბინის“ ქართველი გარემარბი რუსეთის ჩემპიონატში ყველაზე შთამბეჭდავი დრიბლიორია. იმ კლუბების სია, რომლებიც ხვიჩათი დაინტერესდნენ, იმდენად გრძელია, რომ მხოლოდ ერთი მათგანის გამოყენებით შეიძლება მთელი სტატიის დაწერა. შესაძლოა, ზოგიერთ შემთხვევაში, 20 წლის ფეხბურთელის აგენტი სასურველს რეალობად ასაღებს. ამის მიუხედავად, „რუბინს“ აქვს კარგი შანსი, რომ 20 მილიონი ევრო გამოიმუშაოს კვარაცხელიას ტრანსფერზე, რამდენადაც Transfermarkt აფასებს“, – წერს გამოცემა „ჩემპიონატი“.