ეს გოლი „ოსკარს“ იმსახურებს - კვარაცხელიამ ლეგენდარული ვან ბასტენი აღაფრთოვანა [ვიდეო] #1TVSPORT
„ატალანტას“ კარში ხვიჩა კვარაცხელიას გატანილი გენიალური გოლი ორი დღეა იტალიური (და არა მარტო) მედიის მთავარი თემაა – ცნობილი გამოცემები და ფეხბურთის ლეგენდები კომენტარებს აქვეყნებენ.
corriere – ქართული გოლი მარადონას სტილში
„კვარაცხელიას „ატალანტასთან“ გატანილმა გოლმა ბევრს მარადონას გოლი გაახსენა. ხვიჩამ ლამაზი ცრუ მოძრაობებით ბერგამოელთა მცველები ჩამოიშორა და „სტადიო მარადონაზე“ მყოფი გულშემატკივრები (მათ შორის ქართველები, რომლებიც მას ყოველ კვირას თამაშებზე დაჰყვებიან) აღაფრთოვანა“.
FE-NO-ME-NO!
„ნაპოლის“ გამარჯვებას ფეისბუქზე Corriere dello Sport-ის ჟურნალისტი ანტონიო ჯორდანო გამოეხმაურა.
„ის ფენომენია! ხვიჩა გაურბის ყველა წესს და ყველას აღაფრთოვანებს თავისი შესანიშნავი თამაშით. კვარა ახალი გმირია, ვინც ყველას აიძულებს, რომ შეიყვაროს, მიუხედავად იმისა, ვისი ქომაგია. ის 22 წლის ასაკში სოციალური მედიის საშუალებით აქტიურობს თავისი ქვეყნის მომავლის საკითხების განსაზღვრაში. ამავე დროს ძალიან კარგი ადამიანია, რომელმაც ნეაპოლი მოხიბლა და ფეხბურთის გულშემატკივრები შოკში ჩააგდო. კვარა არის FE-NO-ME-NO!“
ფაბრიციო რომანო – კვარაცხელია მხოლოდ 10 მილიონად შეიძინეს
„ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი ფანტასტიკური გოლი გაიტანა. სერია A-ს 22 მატჩში 11 გოლი და 11 საგოლე მოქმედება (9 პასი და 2 მოპოვებული პენალტი), ამას დაუმატეთ ჩემპიონთა ლიგაში 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემა. შეგახსენებთ, „ნაპოლიმ“ კვარაცხელიას შესაძენად მხოლოდ 10 მილიონი ევრო დახარჯა“.
„რომას“ გულშემატკივარი – ქედს ვიხრი კვარაცხელიას წინაშე
ნეაპოლური გუნდის მორიგ წარმატებაზე კომენტარი „რომას“ ცნობილმა ფანმა, გაბომანმაც გააკეთა.
„ქედს ვიხრი მის წინაშე. ხვიჩა არაპროგნოზირებადი მოთამაშეა, მისი მოქმედებები ყოველ ჯერზე წარმოუდგენელია, ხელოვნების ნიმუშია. „ნაპოლიმ“ მოიგო მატჩი, რომელიც იოლი სულაც არ იყო. „ნაპოლი“ თითქოს ჯოისტიკით იმართება, მისი სიძლიერე ერთიანობასა და გუნდურ თამაშშია“.
ეს გოლი „ოსკარს“ იმსახურებს
ლაკონური, მაგრამ ბევრის მთქმელი იყო „ნაპოლის“ ოფიციალური გვერდის პოსტი: „კვარაცხელიას გოლი „ოსკარს“ იმსახურებს“.
წარმოუდგენელია!
ბოლოს გენიალური გოლების გამტანი, ლეგენდარული ნიდერლანდელი თავდამსხმელის, მარკო ვან ბასტენის კომენტარსაც გაგაცნობთ, რომელმაც ქართველი ფეხბურთელის მიმართ აღფრთოვანება ვებგვერდ AD.nl-თან ინტერვიუში გამოხატა.
„შეხედეთ ამ გოლს, ეს წარმოუდგენელია – ერთი მოთამაშე 8 მეტოქის წინააღმდეგაა და ფიქრობ, არ შეიძლება, გაიტანოს. აღფრთოვანებული ვარ კვარაცხელიას ტექნიკითა და მონდომებით, რომელსაც ასეთი სილამაზის გოლების გატანის უნარი და ნიჭი გააჩნია“, – ამბობს „აიაქსისა“ და „მილანის“ ყოფილი ლეგენდა.